რა ხდებოდა ჰოლანდამდე - გრძელვადიანი კონტრაქტების ისტორია
Aa
Aa

რა ხდებოდა ჰოლანდამდე - გრძელვადიანი კონტრაქტების ისტორია

ერლინგ ჰოლანდმა „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2034 წლამდე გაახანგრძლივა, რამაც საფეხბურთო სამყაროში სერიოზული მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თუმცა ფაქტია, რომ 9,5-წლიანი ხელშეკრულების დადება ნისლიან ალბიონზე თავდაპირველად „ჩელსიმ“ დაამკვიდრა, როდესაც კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტი ამერიკელებმა შეიძინეს. მაგალითისთვის მიხაილო მუდრიკთან 8,5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რაც ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში იმ დროისათვის ყველაზე ხანგრძლივი თანამშრომლობა იყო. ამას კი მოჰყვა ბენუა ბადიაშილთან (7,5-წლიანი), უესლი ფოფანასთან (7-წლიანი) და დავიდ ფოფანასთან (5-წლიანი) გაფორმებული კონტრაქტები.

როდესაც „არისტოკრატების“ სპორტულ იურისტს ტეილორ ჰიტს ჰკითხეს, თუ რატომ აფორმებდა კლუბი ფეხბურთელთა უმეტესობასთან ასეთ ხანგრძლივ ხელშეკრულებებს, მან პირდაპირ უპასუხა, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ისეთი ფაქტის წინაშე არ დადგნენ, როგორც ახლა „ლივერპულია“ მოჰამედ სალაჰთან მიმართებაში. როგორც იცით, „ჩელსის“ პრეზიდენტი ტოდ ბოელი პარალელურად ამერიკის შეერთებულ შტატებში ბეისბოლის კლუბსაც ფლობს და მსგავსი კონტრაქტების ტრენდს იქაც რომ ატარებს, დომინიკელ ბეისბოლისტ ხუან სოტოსთან დადებული 15-წლიანი ხელშეკრულება მეტყველებს, რომლის მიხედვითაც ის ჯამში 765 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ფეხბურთის სამშობლოსგან განსხვავებით, 10-წლიანი კონტრაქტები მეოცე საუკუნის ბოლოსაც არავის უკვირდა და არც ახლა უკვირს ვინმეს ესპანეთის ჩემპიონატში. მაგალითად გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ კლუბის აღზრდილ ფეხბურთელს პეპელუს 2022 წლის ივლისში ახალი, 2032 წლამდე გათვლილი ხელშეკრულება გაუფორმა. ზუსტად ამავე პერიოდში კი ანალოგიური რამ „ოსასუნაში“ ხუან მონკაიოლას შემთხვევაშიც მოხდა.

უფრო ადრე, 90-იან წლებში ამ მხრივ „პირველი მერცხალი“ ხულენ გერერო გახლდათ. „ბილბაოს“ ვარსკვლავს ხელსაყრელი წინადადებით უამრავი გრანდი მიმართავდა, თუმცა ერთგულების ნიშნად, მან „ატლეტიკთან“ თანამშრომლობა 12-წლით განაგრძო, რითაც კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა. უდიდესი ნდობა გამოუცხადა 1998 წელს „ბეტისმა“ 20 წლის დენილსონს და 11-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მსგავს პრაქტიკას მიმართა „ბარსამ“ 2005 წელს ლიონელ მესისთან მიმართებაში და ხელშეკრულება 2014 წლამდე დაუდო. 2017 წელს კი „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელები იმდენად გრძნობდნენ საულის დაკარგვის საშიშროებას, რომ მასთან თანამშრომლობა 9 წლით გაახანგრძლივეს, ხოლო ტრანსფერის გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევრო ჩაუწერეს. ასე რომ, ლა ლიგისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, პრემიერ ლიგაში კი მაინც ახალი ხილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე ბენზემას გაუთანაბრდა - ფრანგი გაჩერებას არ აპირებს
მბაპე ბენზემას გაუთანაბრდა - ფრანგი გაჩერებას არ აპირებს