კილიან მბაპე, კარიმ ბენზემა
Aa
Aa

მბაპე ბენზემას გაუთანაბრდა - ფრანგი გაჩერებას არ აპირებს

„პარი სენ-ჟერმენიდან“ „რეალში“ გადასული კილიან მბაპეს ასპარეზობის შეფასება არაერთგვაროვნად შეიძლება. 26 წლის ფრანგ ფორვარდს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, რომლებიც მას მეტწილად სეზონის სტარტზე, სამეფო კლუბისთვის არასათანადო კადრად თვლიდნენ, თუმცა ეტაპობრივად საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა თამაშის ხარისხი გააუმჯობესა და კარიმ ბენზემას ერთი უნიკალური რეკორდი გაიმეორა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ნახევარ წელიწადში მბაპემ „ბლანკოსის“ მაისურით ბურთის გატანა ექვს ტურნირზე, ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგაში, ევროპის სუპერთასზე, ესპანეთის სუპერ თასზე, სამეფო თასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მოახერხა, რაც აქამდე მხოლოდ ბენზემას ჰქონდა გაკეთებული.

მბაპემ თავი ბოლო ორ შეხვედრაშიც გამოიჩინა, თუმცა მისი ბურთები გამარჯვების მომტანი არ აღმოჩნდა და როგორც „ბარსელონასთან“ (2:5), ასევე „სელტასთან“ (5:2) მეტოქემ წონასწორობა აღადგინა. „რეალის“ მაისურით სადებიუტო გოლი ფრანგმა სუპერვარსკვლავმა პირველივე მატჩში მიითვალა, როდესაც მადრიდელებმა ევროპის სუპერ თასზე „ატალანტას“ (2:0) აჯობეს. ლა ლიგაში კი საგოლე აქტივი მეოთხე ტურში გახსნა და „ბეტისთან“ დუბლი შეასრულა. ესპანეთის ჩემპიონატში ამ ეტაპზე მის ანგარიშზე 17 შეხვედრაში 10 გოლია (3 პენალტი), ხოლო ჩემპიონთა ლიგის ექვს ტურში თავი 2-ჯერ, „შტუტგარტთან“ (3:1) და „ატალანტასთან“ (3:2) გამოიჩინა.

ცნობისათვის, რამდენიმე თვეში მბაპეს „რეალის“ რიგებში გატანის საშუალება კიდევ ერთ ტურნირზე ექნება, როდესაც მადრიდელები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან და ახალი ფორმატის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბენზემა: რეალი მსოფლიოში საუკეთესო გუნდია
ბენზემა: რეალი მსოფლიოში საუკეთესო გუნდია