„ფრაზა, რომელსაც დედაჩემი ხშირად მიმეორებდა და ბევრი ადამიანისთვის მითქვამს, ჟღერს ასე: „არასდროს გქონდეს პატარა ოცნებები! არ იოცნებო „ხოჭოს“ ფლობაზე, იოცნებე ფერარიზე!“, - ამ სიტყვების ავტორი UFC-ის მებრძოლია, რომელიც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ, არავის ეზიზღება. სან პაულუს ფაველებში დაბადებულმა ბიჭმა შეუძლებელი შეძლო, სასწაულები მოახდინა და, ექიმების პროგნოზის მიუხედავად, რომ ვერასდროს გაივლიდა, UFC-ის ჩემპიონი გახდა. ალბათ, მიხვდით, რომ ამ ზღაპრის მთავარი გმირი ჩარლზ ოლივეირაა. მებრძოლი, რომელიც მაგალითია იმისა, რომ სულერთია სხვები რას ამბობენ, მთავარია საკუთარი თავის გჯეროდეს და მიზნის მისაღწევ გზაზე წარმოქმნილმა დაბრკოლებებმა არ შეგაშინოს.
ოლივეირა სან-პაულუს ფაველებში დაიბადა. როგორც ყველა ბრაზილიელი ბიჭუნა, ბავშვობაში ჩარლზი ფეხბურთზე გიჟდებოდა და უნდოდა, ფეხბურთელი გამოსულიყო, თუმცა, 7 წლის ასაკში პირველ გამოწვევას შეეჩეხა, რომელიც სხვებისთვის შეიძლებოდა ტრაგედიად ქცეულიყო. ოლივეირას გულის შუილები და რევმატოიდული ცხელება დაუდგინდა და ყოველთვის, როცა ამინდის ტემპერატურა იცვლებოდა, საშინელ ტკივილს გრძნობდა და ვეღარ დადიოდა.
„დე, ძალიან მტკივა“, - მეუბნებოდა ჩარლზი... საშინელი ტკივილები ჰქონდა. მამამისს ხელით დაჰყავდა, რადგან თვითონ ვერ გადაადგილდებოდა. ფეხზე ვაყენებდით და ბალანსს ვერ ინარჩუნებდა, ეგრევე ეცემოდა. ექიმმა გვითხრა, რომ ვეღარასდროს გაივლიდა და სავარძელ-ეტლში დარჩებოდა, მაგრამ ვუპასუხეთ, რომ ამას არასდროს შევეგუებოდით. ვიცოდით, რომ ღმერთი ამას არ დაუშვებდა“, - იხსენებს „დუ ბრონქსის“ დედა, ოზანა ოლივეირა.
„ერთი რაღაც, რაც ჩემს გონებაში ღრმად ჩამრჩა, ექიმის სიტყვები იყო. მათ ჩემს მშობლებს უთხრეს, თქვენი შვილი ნორმალური ბავშვი ვერასდროს იქნებაო. სრული სიგიჟე იყო და ამის გადატანა ურთულესი გახლდათ“, - ამბობს „დუ ბრონქსი“, რომელმაც საავადმყოფოში ორი წელიწადი გაატარა. ჩარლზს მისი დედა, ოზანა გვერდიდან არ შორდებოდა. პალატაში, საწოლის გვერდით, იატაკზე ეძინა და ერთხელ, თვე ისე გავიდა, სახლში არც კი დაბრუნებულა. ღამეს საავადმყოფოში ათევდა, დილის ხუთ საათზე კი სამსახურში მიდიოდა, რათა მკურნალობის ფული ჰქონოდა.
„დუ ბრონქსის“ მშობლები ორ-ორ სამსახურში მუშაობდნენ და მისი ბავშვობის გმირები იყვნენ. ჩარლზის მამა, ადგილობრივ ბაზარზე, კვერცხებს ყიდდა, დედამისი კი სკოლაში დამლაგებელი იყო და მისი დირექტორის სახლში მოახლედ მუშაობდა. სწორედ სკოლის დირექტორი დაეხმარა ოჯახს ბავშვის კლინიკაში გადაყვანაში, სადაც მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარეს.
ოლივეირამ საავადმყოფოში ორი წელიწადი გაატარა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ განკურნეს. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, 15-21 დღეში ერთხელ, ექიმთან უნდა მისულიყო და პენიცილინის ინექცია გაეკეთებინა.
„მახსოვს, კლინიკაში ვიყავი, სადაც ინექცია უნდა გაეკეთებინათ და მამაჩემს ვუთხარი, მეტი აღარ შემიძლია-მეთქი. ძალიან მტკივნეული იყო და ამის ატანა შემეძლო. მამაჩემმა მიპასუხა, არა შვილო, ეს გჭირდებაო და ექიმთან შემიყვანა“, - იხსენებს ოლივეირა.
დიაგნოზის გამო, „დუ ბრონქსს“ სპორტით დაკავება აუკრძალეს, მაგრამ საავადმყოფოდან გამოსვლიდან ორი თვე არ იყო გასული, რომ ბრაზილიელი საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა.
ბიჭისთვის, რომელსაც კოჭები ძალიან სტკიოდა, ფეხბურთი მტკივნეული სპორტი აღმოჩნდა და ჩარლზმა ახალი გატაცება აღმოაჩინა. მას ჯიუ-ჯიცუ შეუყვარდა, რაც მამამისის მეგობრის, პაულუს დამსახურება გახლდათ. ოღონდ არ გეგონოთ, რომ ოლივეირას ტკივილი აღარ აწუხებდა. პირიქით, პატარა ბიჭი ტკივილის ფონზე ვარჯიშობდა! ოლივეირას თქმით, პაულუ მისთვის ბიძასავით იყო და გული წყდება, რომ მან მისი წარმატება საკუთარი თვალით ვერ იხილა. ჩარლზის პირველი ვარჯიშიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ, პაულუ ჩაცხრილეს.
თავდაპირველად, ჯიუ ჯიცუზე სიარულის შესახებ მისმა დედამ არაფერი იცოდა. მას ეშინოდა, შვილს კიდევ რამე დაზიანება არ მიეღო და მეუღლე ყველაფერს უმალავდა. „დუ ბრონქსი“ ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა თავდადებით და ამას ვარჯიშებზე ამტკიცებდა. იყო მომენტი, როცა ერთ-ერთი ვარჯიშისას, ოლივეირას, მისი ასაკის გოგონამ, ჯიუ ჯიცუში უშანსოდ მოუგო. ყველას ეგონა, რომ ჩარლზს ძალიან შერცხვებოდა და მეორე დღეს ვარჯიშზე აღარ მოვიდოდა, მაგრამ „დუ ბრონქსი“ გაორმაგებული მოტივაციით გამოცხადდა და უფრო და უფრო მეტი ცოდნის მიღება უნდოდა.
დროის გასვლასთან ერთად, ოლივეირამ უფრო და უფრო მეტ წარმატებას მიაღწია. 2004 წელს, ოლივეირამ ჯიუ ჯიცუში სან პაულუს ჩემპიონატი მოიგო, რის შემდეგაც ის და მისი ოჯახი იმ საავადმყოფოს ესტუმრნენ, რომლის ექიმმაც უთხრა, რომ მათი შვილი ვერასდროს გაივლიდა.
„მამამისმა მედალი აიღო და ექიმს მაგიდაზე დაუდო. ჰკითხა: „იცი, ეს რა არის?“ ექიმმა ვერაფერი უპასუხა, შემდეგ კი ჩემმა მეუღლემ უთხრა: „ბიჭი, რომელზეც თქვი, რომ ფეხბურთს ვეღარასდროს ითამაშებდა და შეიძლებოდა სავარძელ-ეტლით მოსარგებლე ყოფილიყო, ჩემპიონი გახდა! ჩემი შვილი უფალმა განკურნა. ის ღვთის სასწაულია“, - აცხადებს ოლივეირას დედა.
2008 წელს, ოლვეირამ MMA-ში გადასვლა გადაწყვიტა და სადებიუტო ორთაბრძოლა ჩაატარა. ორთაბრძოლა რა, ორთაბრძოლები. გაგიკვირდათ ხომ? 15 მარტს, Predator FC-ში, ოლივეირამ სამი ჩხუბი ჩაატარა და სამივეში ფინიშით იმარჯვა. 2010 წელს, მან UFC-ში შეაბიჯა, დანარჩენი კი დაწერილი ისტორიაა.
„სათვალე რომ მოვიხსნა, 50-პროცენტიანი მხედველობა მაქვს, მაგრამ ამას ჩხუბისას ხელი არასდროს შეუძლია. ოქტაგონზე ყოფნისას სამ მეტოქეს ვხედავ და თუ ჩემი დარტყმები შუას ხვდება, ყველაფერი კარგადაა და საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ასე უნდა გავაგრძელო.ჩემთვის სამი მეტოქის დანახვა პრობლემა არაა და თუ ჩემი შეტევები შუასკენაა მიმართული, ე.ი ყველაფერი კარგადაა.
ჯოჯოხეთი გამოვიარე და მჯერა, რომ უფალმა ამირჩია, რათა არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი მშობლების ცხოვრება შემეცვალა. ბავშვი, რომელსაც არაფერი ჰქონდა და ფაველებში გაიზარდა, ჩემპიონი გახდა. უფალმა დღეს რომ თავისთან წამიყვანოს, ბედნიერი მოვკვდები, რადგან საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის ყველაფერი გავაკეთე. ჩემი მეტსახელი, „დუ ბრონქსი“ სწორედ ამას ნიშნავს. მე ვარ ფაველებში გაზრდილი ბავშვი, რომელიც გაჩემპიონდა!“.