„UFC-იმ აიძულა იანვარში ეჩხუბა“ | ხაბიბმა მერაბისა და უმარის ორთაბრძოლაზე ისაუბრა
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა. „არწივის“ თქმით, „მანქანას“ უმართან დაპირისპირება არ უნდოდა და ოქტაგონზე გასვლა UFC-იმ აიძულა.
„ამ ჩხუბის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ მერაბს ბრძოლა არ უნდოდა. უმარი ამბობდა, რომ იანვარში იჩხუბებდა, შემდეგ კი ოქტაგონზე მაისში გავიდოდა. პირადად მე, ვთვლი, რომ UFC-იმ დვალიშვილს ჩხუბი აიძულა. ეს ჩემი მოსაზრებაა. UFC-იმ მერაბზე ზეწოლა განახორციელა და გააკეთა ისე, რომ მას უმართან ეჩხუბა.
UFC-ს თანამთავარი მოვლენა სჭირდებოდა, რომელიც საჩემპიონო ორთაბრძოლა იქნებოდა. უმარი სენდჰეგენთან მოგებული ჩხუბის შემდეგ, უკვე მთლიანად ქამარზე იყო ორიენტირებული“.
ცნობისთვის, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ დვალიშვილი მის ოფისში მივიდა და უმართან ჩხუბი თავად მოითხოვა, მაგრამ ხაბიბს ამის არ სჯერა. მისი აზრით, ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა „მანქანას“ სხვა გზა არ დაუტოვეს.