„სწრაფი, ძლიერი და არაპროგნოზირებადია“ | ჟირუმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
ოლივიე ჟირუ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერს გამოეხმაურა. ფრანგმა ფეხბურთელმა ინტერვიუ Le Parisien-ს მისცა და ქართველი გარემარბის მისამართით, საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„კვარაცხელია არაპროგნოზირებადი და ერთი-ერთზე ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ამავდროულად, ის ეგოისტი მოთამაშე საერთოდ არაა. ხვიჩა ძალიან მომწონს და მჯერა, ის პარი სენ-ჟერმენს რაღაცას შესძენს. როცა ბურთი აქვს, ხასიათით გამოირჩევა, როგორც უსმან დემბელე და წარუმატებლობის არ ეშინია. შეიძლება, ზედიზედ 9 ან 10 ორთაბრძოლა წააგოს, მაგრამ არ ნებდება და მეტოქეზე მიდის ან დარტყმას ცდილობს.
კვარაცხელია თავდაჯერებულია და საოცარი ფიზიკური შესაძლებლობები აქვს. სწრაფია, ძლიერია და საფეხბურთო უნარებით გამოირჩევა. ხვიჩა გარემარბისთვის დამახასიათებელ ბევრ თვისებას აერთიანებს და თანამედროვე შემტევია“.
შეგახსენებთ, რომ იმავე Le Parisien-ის ცნობით, კვარაცხელიამ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და უახლოეს საათებში, მისი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.