„არაფერი მაქვს სათქმელი“ | ლუის ენრიკეს პასუხი კვარას ტრანსფერზე
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და „ლანსთან“ მატჩის წინ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ბუნებრივია, ესპანელ სპეციალისტს ერთ-ერთი შეკითხვა ხვიჩა კვარაცხელიაზე დაუსვეს და ენრიკემ განაცხადა, რომ ამ თემაზე სათქმელი არაფერი აქვს.
„ველოდები თუ არა ახალ ფეხბურთელს დღეს? ამ შეკითხვას შეგიძლიათ, თავად უპასუხოთ და ის პასუხი აირჩიოთ, რომელიც გაწყობთ. არაფერი მაქვს სათქმელი", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
ცნობისთვის, ფაბრიციო რომანოს მიხედვით, ქართველი ფეხბურთელი უკვე პარიზშია და სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, რის შემდეგაც „პარი სენ-ჟერმენი“ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ს „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, ხვიჩას კი 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვარა ანაზღაურების სახით წლიურად 9 მილიონ ევროს მიიღებს.