9,5-წლიანი კონტრაქტი | ჰოლანდი მან. სიტიში 2034 წლამდე ითამაშებს
დავიდ ორნშტაინის ინფორმაციით, ერლინგ ჰოლანდი უახლოეს წლებში მან. სიტის დატოვებას არ აპირებს. მხარეები ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვით ჰოლანდი კლუბთან კონტრაქტს 2034 წლამდე გააფორმებს. ხელშეკრულება 9,5-წლიანია.
ამჟამინდელ კონტრაქტში არსებული პუნქტი გამოსასყიდ თანხასთან დაკავშირებით გაუქმდება. ახალი შეთანხმების მიხედვით ნორვეგიელი, რომელიც ამჟამად 24 წლისაა, 34 წლამდე ქალაქელების ღირსებას დაიცავს.
გრემ ბეილის ინფორმაციით, ჰოლანდი კვირაში 500 000 ფუნტ სტერლინგზე მეტს მიიღებს, რაც პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი ანაზღაურებაა. აღნიშნულ თანხას ბონუსები დაემატება.
2022 წლიდან მოყოლებული ერლინგ ჰოლანდმა „მან. სიტიში'' 126 მატჩი ჩაატარა, 111 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი შეასრულა. კლუბთან ერთად პრემიერ ლიგა ორჯერ (2022-23, 2023-24) და ჩემპიონთა ლიგა ერთხელ (2022-23) მოიგო. ასევე, გასულ ორ სეზონში პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 2022-23 წლების სეზონში 36 გოლი შეაგდო, გასულ სეზონში - 27 გოლი.
მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავაში მო სალაჰი 18 გოლით პირველზეა, მას ჰოლანდი 2 გოლით ჩამორჩება. ეგვიპტელმა 18-დან 5 გოლი პენალტიდან გაიტანა, ნორვეგიელმა 16-დან მხოლოდ 1 გოლი შეაგდო პენალტის ნიშნულიდან. ასევე, ჰოლანდმა 9 შეხვედრაში ანგარიში გახსნა, რაც მიმდინარე სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია.