რატომ გადავედი ბარსადან პსჟ-ში? - ნეიმარი რომარიოს საინტერესო თემებზე ესაუბრა
ლეგენდარულმა რომარიომ Youtube არხი შექმნა და პირველ გადაცემაში ნეიმარი მიიწვია. „ბარსელონასა’’ და პსჟ-ს ყოფილმა ფეხბურთელმა საინტერესო თემებზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი მიზეზი რატომაც „ბარსადან’’ პსჟ-ში გადავიდა, ბრაზილიელების ფაქტორი იყო, მას ბრაზილიელებთან თამაში სურდა, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ პარიზში გადასვლით გაცილებით სარფიანი კონტრაქტი მიიღო.
ნეიმარი: „კარიერაში არაფერს ვნანობ. ყველა შეცდომა, რომელიც კარიერაში დავუშვი, გაზრდაში დამეხმარა. ასე რომ, არაფერს ვნანობ.
არ მინანია, რომ „რეალს’’ „ბარსა’’ ვამჯობინე. იქ წავედი, სადაც გულით მსურდა. მესისთან ერთად თამაში მინდოდა. „ბარსა’’ ის გუნდი იყო, რომელიც მიყვარდა. „ბარსას’’ თამაშებს სულ ვუყურებდი და რონალდინიოს ერადან მოყოლებული ვამბობდი: „მე მინდა იქ თამაში. ასეც მოხდა’’.
ერთი მხრიდან „რეალი’’ მირეკავდა, მეორე მხრიდან - „ბარსა’’. ორივე კლუბის პრეზიდენტთან ვსაუბრობდი, რაციონალურად მოქმედება არ შემეძლო, ჩემი თავი ორივე გუნდში წარმოვიდგინე... ჩემი გული უფრო ხმამაღლა საუბრობდა. საბოლოოდ, „ბარსა’’ ავირჩიე.
„ბარსა’’ იმის გამო არ დამიტოვებია, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვყოფილიყავი. მესიმ მკითხა, თუ რატომ მივდიოდი, მან მითხრა: „გსურს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იყო? მე შემიძლია მსოფლიოში საუკეთესოდ გაქციო’’.
მესის ვუთხარი, რომ ეს პირადი საკითხი იყო. ცხადია პსჟ-ში ფინანსურად უკეთესი პირობები იყო, მაგრამ იქ ბრაზილიელები იყვნენ და მათთან ერთად თამაში მსურდა. ტიაგო სილვა, დანი ალვეში, მარკინიოსი, ლუკას მოურა... ჩემი მეგობრები იყვნენ.
პსჟ-ში ცუდად რატომ წავიდა საქმე? ეგო, ეგო. კარგია ეგოს ქონა, ფიქრობდე რომ საუკეთესო ხარ, მაგრამ უნდა გაიაზრო, რომ შენი თავისთვის არ თამაშობ. თუ არავინ გაიქცევა და არავინ დაგეხმარება, გამარჯვება შეუძლებელია’’.