„ნახვამდის დიეგო“ | კვარას დამშვიდობება მარადონასა და ნეაპოლელ ქომაგებს
ხვიჩა კვარაცხელიამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა და „ნაპოლის“ დაემშვიდობა. „კვარამ“ განსაკუთრებული ყურადღება დიეგო მარადონაზე, ნეაპოლსა და „პარტენოპეის“ გულშემატკივრებზე გაამახვილა.
„წასვლამდე, მარადონას მურალთან მოსვლა ყველაზე მეტად მინდოდა. ეს განსაკუთრებული ადგილია და ყველაზე მძაფრად იგრძნობა, რას ნიშნავს ნეაპოლისთვის დიეგო. აქ ის ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვართ. დიეგო თითოეული ნეაპოლელის გულში ცოცხალია და სულ ასე იქნება. ამ ადგილს განსაკუთრებული ენერგია და ძალა აქვს. ნეაპოლი და დიეგო ერთმანეთით ცხოვრობენ. დიეგო ფეხბურთის ღმერთია და ეს ყველაზე მძაფრად ამ ქალაქში იგრძნობა.
ახლა აქ ყოფნა განსაკუთრებით ემოციურია. გულშემატკივრებთან, გუნდთან და ქალაქთან ერთად, დიეგოსთანაც მიწევს დამშვიდობება. ნახვამდის დიეგო, ნახვამდის ნაპოლი! ნეაპოლში თავიდან მარტო ჩამოვედი, ახლა კი სამნი ვართ. ძალიან სახასიათო და საინტერესო ქალაქია, თითქოს ყველა ადგილს თავისი ისტორია აქვს და ამას გაგრძნობინებს.
ნეაპოლელები ძალიან თბილი ხალხია და ქართველებს ძალიან ჰგვანან. ჩემი აზრით, ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან და ალბათ, ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რისი დახმარებითაც აქაურობას ადვილად მივეჩვიე და შევიყვარე“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია კარიერას „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად რამდენიმე საათში გამოცხადდება.