„სიგიჟეა, რომ ჩემპიონი ასეთი აუტსაიდერია“ | ჰოლოუეი მერაბის მოგებას ვარაუდობს
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, მაქს ჰოლოუეიმ უმარ ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ორთაბრძოლაზე ილაპარაკა. „დალოცვილის“ თქმით, უპატივცემულობაა, რომ მოქმედი ჩემპიონი ამხელა აუტსაიდერია.
„სრული სიგიჟეა. ეს უდიდესი უპატივცემულობაა. მესმის, რომ პრეტენდენტი უმარ ნურმაგომედოვია, რომელიც დაუმარცხებელი მებრძოლია, მაგრამ მაინც სრული სიგიჟეა. ასეა თუ ისე, კოეფიციენტების შემდგენლებიც ბიზნესს წარმოადგენენ და ფულის დაზოგვა უნდათ.
უმარს კორი სენდჰეგენთან უჩხუბია და იმის თქმა, რომ ნურმაგომედოვი გამოუცდელია, სისულელეა. უმარმა თქვა, რომ კორისთან ყველაზე რთული ორთაბრძოლა ჰქონდა, რაც სიგიჟეა, რადგან სენდჰეგენთან დომინირებდა. ჩემი აზრით, ნურმაგომედოვის ყველაზე რთული ჩხუბი ეს დაპირისპირება იქნება. საინტერესო ბრძოლა გველოდება. უმარი ცხოველია, მაგრამ ბევრად, ბევრად, ბევრად ახლო ჩხუბი იქნება, ვიდრე თქვენ გგონიათ.
ორივე მრავალმხრივი მებრძოლია. უმარმა ჭიდაობა და პარტერში ჩხუბი რომ გადაწყვიტოს, მოგება შეუძლია, მაგრამ მას სტრაიკინგიც ძალიან უყვარს და ვფიქრობ, დვალიშვილს შანსს მისცემს, ბრძოლაში დაბრუნდეს ან დარჩეს. მიზეზი, რის გამოც მგონია, რომ ბევრად ახლო ჩხუბი იქნება, ისაა, რომ უმარს თავისი სტრაიკინგი ძალიან უყვარს. დვალიშვილს მოსამზადებელ კემპში ალჯამეინ სტერლინგი ეხმარებოდა, რომელიც ბევრის აზრით, უმარზე უკეთესი გრეპლერია და ეს ფაქტორიც მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ მგონია, რომ სტრაიკინგზე გაკეთდება აქცენტი, ეს კი მერაბს მეტ შანსს მისცემს.
მეზიზღება, როცა ჩემპიონს ასეთ კოეფიციენტს აძლევენ, მაგრამ ვერაფერს ვიზამ. საინტერესო ჩხუბი იქნება და ვნახოთ, რა მოხდება. ვვარაუდობ, რომ საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივა და დვალიშვილი რთულ ჩხუბში მოიგებს. თუ საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივა, რაც მგონია, რომ მოხდება, მერაბი გაიმარჯვებს. ფინიშის შემთხვევაში უმარი მოიგებს“.
ცნობისთვის, დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირება თბილისის დროით 19 იანვარს, გამთენიისას გაიმართება და UFC 311-ის თანამთავარი მოვლენა იქნება. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს ასახელებენ და მას გამარჯვებაზე 1.35 კოეფიციენტი აქვს.