ჩელსი საფრთხის წინაშეა - ლონდონელებს ქულების დაკლება ემუქრებათ
რომან აბრამოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში არსებული ფინანსური დარღვევების გამო, უახლოეს მომავალში შესაძლოა „ჩელსი“ სერიოზული სანქციებით დასაჯონ. საუბარია ინგლისის პრემიერ ლიგაში ქულების დაკლებაზე, რაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი „არისტოკრატების“ სატურნირო მდგომარეობას ერთიორად გაართულებს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „ლურჯების“ პრეზიდენტი ტოდ ბოელი მზადაა ათეულობით მილიონი ფუნტი ჯარიმა გადაიხადოს საიმისოდ, რომ გუნდი ქულების დაკლებას გადაარჩინოს, თუმცა რამდენად მოხერხდება ამ საკითხთან დაკავშირებით ინგლისის პრემიერლიგის სადისციპლინო კომიტეტთან მოლაპარაკება, რთული სათქმელია. საქმეს ართულებს ის ფაქტი, რომ აბრამოვიჩის დროინდელ დარღვევებზე უეფამ თვალი არ დახუჭა და 2023 წლის ივლისში „ჩელსის“ 8,6 მილიონი ფუნტი ჯარიმა გადაახდევინა. ბოელი იმედოვნებს, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მსგავსად, ალბიონური ფეხბურთის შეფებიც მის გუნდს ფინანსურ სასჯელს დააკისრებენ და უფრო მძიმე სანქციები არ იქნება.
21 ტურში დაგროვებული 37 ქულით ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში „ჩელსი“ მეხუთე ადგილზეა და ლიდერ „ლივერპულს“, რომელსაც მატჩით ნაკლები აქვს გამართული, 10 ქულით ჩამორჩება.