„გასახდელში ყველა ფეხბურთელი შეკრიბა და...“ - როგორ დაემშვიდობა ხვიჩა ნაპოლის
ხვიჩა კვარცხელია დღეს, „ნაპოლის“ დილის ვარჯიშის დაწყებამდე ყოფილ თანაგუნდელებს დაემშვიდობა და უახლოეს საათებში პარიზში გაემგზავრება.
იტალიური სააგენტო Il Mattino დღევანდელი დამშვიდობების შესახებ წერს და შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს. სანდრო წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა ხვიჩას გამოსამშვიდობებელ სიტყვასაც ასაჯაროებს.
რას წერს Il Mattino:
„როდესაც საწვრთნელ ბაზაზე მივიდა, Castel Volturno-ს გასახდელში ყველა ფეხბურთელი შეკრიბა და სიტყვა მოითხოვა. მან უკვე ყოფილ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა ყველა იმ ერთად გატარებული წუთისთვის, სიხარულისთვის და მწუხარებისთვის. ასევე იმ დახვედრისთვის, რომელიც გუნდში მოსვლის პირველივე წუთიდან მიიღო, სკუდეტოს იმ ემოციებისთვის, რომელიც მთელმა გუნდმა ერთად განიცადა და თქვა, რომ ეს მის გულში სამუდამოდ დარჩება“.
„შემდეგ, აიღო ფოტო, რომელიც თავის სათავსოზე ჰქონდა და ყველა ფეხბურთელს ხელი სათითაოდ მოაწერინა. ამ სამახსოვრო ფოტოს ის თან წაიღებს პარიზში, სადაც დღის განმავლობაში უკვე ელოდებიან. მას ჩანთების ჩალაგებული აქვს. დღეს ის პსჟ-ის ხელმძღვანელებს შეხვდება და შესაძლოა ფრანგული კლუბის სახელით სამედიცინო შემოწმებაც გაიაროს“.
პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად მიმდინარე კვირის ბოლომდე დადასტურდება. მანამდე, გავლენიანმა ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ მხარეებმა შეთანხმებას ყველა დეტალზე მიაღწიეს და ქართველი შემტევის პარიზულ გუნდში თამაში 100%-ით გადაწყვეტილია.
გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ს „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, ხვიჩას კი 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვარა ანაზღაურების სახით წლიურად 9 მილიონ ევროს მიიღებს.
რომანო წერს, რომ პსჟ-ში უკვე დაინიშნა ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმება და ეს მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდება.