„ბოლომდე მზად არ ვიყავი“ - შენგელია წამყვან პოზიციებზე რჩება
ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული 34-დღიანი პაუზის შემდეგ, გუშინ, ევროლიგის მორიგ ტურში თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა. კაუნასში გამართულ შეხვედრაში ის პირველი მეოთხედის დასრულებამდე ხუთი წუთი ადრე ჩაერთო და საერთო ჯამში, მისი კალიბრის მოთამაშესთან შედარებით, შეზღუდული სათამაშო დრო, 23 წუთი მიიღო. თუმცა, მიუხედავად ამისა, საკმაოდ შედეგიანი იყო და თამაში 12 ქულით, 7 მოხსნითა და 3 ასისტით დაასრულა, საფინალო სირენის შემდეგ კი მედიის წარმომადგენლებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
რა თქვა შენგელიამ
თავს ნორმალურად ვგრძნობ, მაგრამ საერთო ჯამში სათამაშოდ მზად ბოლომდე ნამდვილად არ ვიყავი, რადგან თანაგუნდელებთან ერთად მხოლოდ ერთი სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება მოვასწარი. ჯერ მთლიანი ორგანიზმით გუნდთან ერთად ვარ, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი კალაპოტში ჩადგება.
მიუხედავად იმისა, რომ თვეზე მეტის გამოტოვება მოუწია, წლევანდელ ევროლიგაში როგორც ქულების (15,2), ასევე მოხსნების (5,6) საშუალო რაოდენობით, თოკო „ვირტუსის“ ყველაზე შედეგიანი კალათბურთელია. იტალიურ პრესაში ვრცელდება ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ ბოლონიური კლუბის გენერალური დირექტორი ლუკა ბარალდი საქართველოს ნაკრების კაპიტანს უახლოეს დღეებში 2025 წლამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე დაელაპარაკება, თუმცა რამდენად მოხერხდება შეთანხმების მიღწევა, წინასწარ რთული სათქმელია.