ფლიკი ერერასთან ახლოს - ბარსელონელთა ახალი რეკორდები
„ბარსელონამ“ გულშემატკივარს მორიგი დაუვიწყარი სანახაობა გუშინ შესთავაზა და საუკეთესო ბომბარდირის, რობერტ ლევანდოვსკის გარეშე, ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალში სევილიის „ბეტისი“ 5:1 დაამარცხა. თითო ბურთი პაბლო გავის, ჟიულ კუნდეს, რაფინიას, ფერან ტორესისა და ლამინ იამალის ანგარიშზეა, რასაც „მწვანეების“ რიგებში პრესტიჟის ბურთით „ექს-ბარსელონელმა“ ვიტორ როკემ უპასუხა, რომელმაც მატჩის დასრულების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოცემულ მომენტში „ბლაუგრანა“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია.
გამარჯვების გარდა, გუშინდელი თამაში კატალონიური გრანდისთვის სხვა ფაქტებითაც იყო დასამახსოვრებელი - წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე გამართული 29 მატჩიდან „ბარსამ“ 14 გამანადგურებელი სხვაობით მოიგო და საერთო ჯამში 88 ბურთი გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაშში გუნდს საშუალოდ 3 გოლი გააქვს. „ბეტისთან“ მოგებამდე კატალონიელებმა მსგავსი ფეერიული ზეიმი 13-ჯერ მოაწყვეს და „ბლაუგრანამ“ ორჯერ „რეალი“ (4:0, 5:2), თითოჯერ კი „ვალიდოლიდი“ (7:0), „ჟირონა“ (4:1), „ვილიარეალი“ (5:1), „იანგ ბოიზი“ (5:0), „ალავესი“ (3:0), „სევილია“ (5:1), „ბაიერნი“ (4:1), „ცრვენა ზვეზდა“ (5:2), „ბრესტი“ (3:0), „მალიორკა“ (5:1) და „ბარბასტრო“ (4:0) დაჯაბნა. სეზონი უკანასკნელად „ბარსამ“ ისეთი შედეგით, რომ მატჩში საშუალოდ 3 ბურთი გაჰქონდა, 1958-1959 წლებში ლეგენდარული ელენიო ერერას ხელმძღვანელობით დაასრულა, როდესაც გუნდმა 42 მატჩში მეტოქეები 137-ჯერ დაამწუხრა.
წლევანდელ სეზონში „ბარსას“ გამორჩეული ლიდერები ლამინ იამალი და რაფინია არიან. 17 წლის ამომავალი ვარსკვლავის ანგარიშზე ყველა ტურნირზე გამართულ 24 მატჩში 9 გოლთან ერთად, 12 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება 28 წლის ბრაზილიელს, მან საკუთარ კარიერაში შედეგიანობის რეკორდი დაამყარა და „ბეტისთან“ სეზონში მე-20 გოლი გაიტანა, რასაც 9 საგოლე პასსაც თუ დავუმატებთ, თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ ის არამხოლოდ „ბლაუგრანას“, არამედ ლა ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების მთავარი კანდიდატია.