„ცარუკიანს მსოფლიოს შოკირება შეუძლია“ - დვალიშვილის პროგნოზი
UFC 311-მდე მედია დღის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა და სხვა მებრძოლებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
მერაბს ჰკითხეს, როგორი იქნება მისი პროგნოზი UFC 311-ის მთავარი მოვლენასთან, მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლასთან დაკავშირებით, რომელშიც ჩემპიონი ისლამ მახაჩევი რეიტინგის პირველ ნომერს, არმან ცარუკიანს შეხვდება.
რა თქვა დვალიშვილმა:
„ისლამი დიდი ჩემპიონია, მას პატივს ვცემ, მაგრამ მე ცარუკიანთან ვმეგობრობ, ის საქართველოში დაიბადა და ჩემი მეზობელი სომეხია. ახლა ერთ გუნდში ვართ, ორივეს დაღესტნელებთან ჩხუბი გვიწევს, ასე რომ, წარმატებას ვუსურვებ. აბა შენ იცი, არმან! შენ მსოფლიოს შოკირება შეგიძლია!“.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევი (26-1) მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს მეოთხედ დაიცავს - მანამდე მან ეს ალექსანდრ ვოლკანოვსკის (ორჯერ) და დასტინ პორიესთან ჩხუბში შეძლო. გარდა ამისა, 33 წლის დაღესტნელი P4P რეიტინგის (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) პირველი ნომერია.
რაც შეეხება ცარუკიანს (22-3) ის მსოფლიოს უძლიერეს ორგანიზაციაში 2019 წლიდან ჩხუბობს, ბოლოს კი გასული წლის აპრილში მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.