მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ჩემს წონაში ისტორიაში საუკეთესო არ ვარ, მაგრამ ამ სტატუსამდე მივალ“ - დვალიშვილი

UFC 311-მდე რამდენიმე დღე რჩება და მებრძოლებმა მედია დღის პრესკონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა მის მეტოქეზე, უმარ ნურმაგომედოვზე ისაუბრა და სოციალურ ქსელში მათ შორის მიმდინარე დაპირისპირებაზე მორიგი განცხადებები გააკეთა.

რა თქვა მერაბ დვალიშვილმა:

„უმარ ნურმაგომედოვი არ მძულს, ვინმეს შეძულება არ მჭირდება. თქვენ იცით, რომ ოქტაგონზე შონ ომალის ვაკოცე, მაშინ კარგად ვიმხიარულე, ვიცინოდი. არ მჭირდება ვინმეს შეძულება, მაგრამ რაღაცებში უმარმა უპატივცემულობა გამოიჩინა. ყალბ ჩემპიონს მიწოდებდა, ეს კი სიმართლე არაა.

ის ჩემს ქვეყანას ახსენებდა და აგრძელებდა ჩემზე საუბარს. უმარის მხრიდან ეს არასწორია, იმიტომ რომ მას ვიცნობ. ყოველ ჯერზე, როდესაც მას ვხვდები, პატივისცემას გამოვხატავ. ამიტომ როდესაც ის უპატივცემულობას იჩენდა, მე გავბრაზდი.


ახლა ყველაფერი რიგზეა. მინდა, ხელი ჩამოვართვა და პატივისცემა გამოვიჩინო. ეს საკითხი ახლა უნდა მოვაგვაროთ. უბრალოდ არ მომეწონა მისი საქციელი და ასე აღარ უნდა მოიქცეს, თუმცა მე ვინმესთან მტრობა არ მსურს.

უმარი ამბობდა, რომ რაღაც ტრავმა ჰქონდა. მე ასეთ ტყუილს არ წამოვეგები. მე ტრავმა მქონდა, მაგრამ ამაზე საჯაროდ არ მისაუბრია - ყველა პროფესიონალ მებრძოლს აქვს ტრავმები. მე ვნახე ვიდეოებში, როგორი ძალით ვარჯიშობდა ის ლას-ვეგასში. თუ ხელის ტრავმა გაქვს, ასეთი ძალით ვერ დაარტყამ. ასე რომ, მან უბრალოდ გამოიგონა ეს ტრავმა, რათა გამართლება ჰქონოდა“.

მერაბი ასევე გამოეხმაურა თავისი მწვრთნელის, ჯონ ვუდის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უმარ ნურმაგომედოვის დამარცხების შემთხვევაში დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლი გახდება:

„მე ასე არ ვფიქრობ, ეს წოდება ჯერ არ დამიმსახურებია და ეს ჩემი შესაფასებელი არაა. სუპერმსუბუქ წონას ბევრი ღირსეული ჩემპიონი ჰყავდა - ჩემთვის, პირველ რიგში, ესენი არიან დომინიკ კრუზი და ალჯამეინ სტერლინგი. მე ამ სტატუსამდე მივალ, თუმცა მირჩევნია არა ზოგადად კარიერაზე, არამედ ერთ კონკრეტულ მეტოქეზე კონცენტრირება“.

ცნობისთვის, დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირება თბილისის დროით 19 იანვარს, გამთენიისას გაიმართება და UFC 311-ის თანამთავარი მოვლენა იქნება. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს ასახელებენ და თვლიან, რომ მერაბს საჩემპიონო ქამრის შენარჩუნება გაუჭირდება. აქვე გეტყვით, რომ მერაბისთვის ეს ქამრის პირველი დაცვა იქნება. ჩემპიონის ტიტული მან გასულ წელს, შონ ომალისთან ბრძოლაში მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველებზე ცუდი არასოდეს მითქვამს“ - უმარ ნურმაგომედოვი
„ქართველებზე ცუდი არასოდეს მითქვამს“ - უმარ ნურმაგომედოვი