ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს - მამარდაშვილის ლივერპულური გამოცდა
ალისონის სტატუსიდან და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, თავიდანვე ცხადი იყო, რომ გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულში“ გადასვლის შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში ადგილი განაღდებული არ ექნებოდა. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კაიომჰინ კელეჰერის სახით, მამარდას კიდევ ერთი თავისტკივილი დაემატა.
ბრაზილიელი ძირითადი კიპერის ტრავმიანობის პერიოდში, მისი ირლანდიელი შემცვლელი საოცრად მაღალ დონეზე ასპარეზობს, რის გამოც უკვე ახლავე გამოთქვამს პრეტენზიებს ძირითადში მოხვედრაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი წასვლით იმუქრება. ავტორიტეტულმა გამოცემამ, Four Four Two-მ შექმნილი სიტუაცია სათანადოდ შეაფასა და საინტერესო ანალიტიკური სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ყველაზე მთავარი შემდეგი ნაწილი იყო.
Four Four Two-ს შეფასება
ჯერ იქამდე კიდევ ექვსი თვეა დარჩენილი, მაგრამ გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულში“ ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს. ჩვენი ვებ-გვერდის მიერ შედგენილ მსოფლიოს მეკარეთ რეიტინგში, ქართველი მეათე ადგილზეა და ის ფაქტი, რომ მერსისაიდელებმა მის სანაცვლოდ დიდი ფული გადაიხადეს, ჯერჯერობით არაფერს ნიშნავს.
მოცემული მომენტისთვის, როდესაც „ვალენსიას“ რთული სეზონი აქვს და ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ეს გუნდი მამარდასთვის საკუთარი კლასის კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად, მშვენიერი პლაცდარმია.
ადრე მისი პოზიციების განმტკიცება ალისონის წასვლა-არწასვლაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ კელეჰერი ისე ათამაშდა, რომ ბრაზილიელს საუდის არაბეთში აბარგება შესაძლოა არამხოლოდ მამარდაშვილმა, არამედ ირლანდიელმა კონკურენტმაც აიძულოს.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი „ვალენსიაში“ ბოლო სეზონს იჯარის წესით ატარებს და მისი სატრანსფერო უფლებები უკვე „ლივერპულს“ ეკუთვნის. ლა ლიგის მომდევნო ტურში, გიორგი და მისი თანაგუნდელები „მესტალიაზე“ „სოსიედადს“ უმასპინძლებენ და მატჩი კვირას, თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.