„ნაპოლიში მარადონას შემდეგ კვარა ყველაზე მაღალი კლასის მოთამაშეა“
Ray Sport-ის ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონელო პერილომ, Rai Radio-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ყველაზე მაღალი კლასის მოთამაშეა, რომელსაც „ნაპოლიში“ დიეგო მარადონას შემდეგ უთამაშია.
„ნაპოლი ჩემპიონატში დაფრინავს და ქომაგებს ოცნებას აიძულებს, მაგრამ ახლა ამ დღეებში ყველა კვარაცხელიას ტრანსფერზე საუბრობს. პსჟ-ს შეთავაზება არის ის, რაც ნებისმიერს პულსს აუჩქარებს - 9 მილიონი წლიურად და ბონუსების სახით 2 მილიონი. აქამდე კონტე გუნდს ჭორებისა და დესტაბილიზაციისგან კარგად იცავდა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ხდება... ჩვენ ვსაუბრობთ არა რომელიმე რიგით მოთამაშეზე, არამედ მესამე სკუდეტოს ერთ-ერთ მთავარ გმირზე.
შესაძლოა მე საფეხბურთო სამყაროში ბოლო რომანტიკოსი ვარ, მაგრამ ბიჭმა 77-ე ნომრით, რომელიც დაბლა ჩაწეულ წინდებს ატარებს, ფაქტობრივად გამაგიჟა. პირველივე დღიდან, როცა ის დავინახე. მას არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს და ჩემი აზრით, მარადონას შემდგომ ეპოქაში ყველაზე მაღალი კლასის მოთამაშეა, ვისაც ნაპოლიში უთამაშია. მესმის, რომ კლუბის მხრიდან მისი ნებისმიერ ფასად შეკავება კონტრპროდუქტიული იქნებოდა“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია უკვე პარიზისკენ გაემგზავრა და უახლოეს დღეებში მისი ტრანსფერის ოფიციალურ დადასტურებას ველით. „ნაპოლი“ ქართველის სანაცვლოდ 70-75 მილიონ ევროს მიიღებს.