მიქაუტაძის გოლი და ლიონის სენსაციური მარცხი მე-5 ლიგის აუტსაიდერთან
საფრანგეთის თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე „ლიონი“ მე-5 ლიგის აუტსაიდერ „ბურგონს“ ესტუმრა და ფრედ 2:2 ითამაშა, პენალტების სერიაში კი 2:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო და მეორე ტაიმში, როცა ანგარიში 1:1 იყო, 64-ე წუთზე შერკის პასის შემდეგ თავისი გუნდი დააწინაურა. ქართველმა ფორვარდმა თავისი შანსი იდეალურად გამოიყენა და პიერ საჟმა ის გოლიდან ზუსტად 1 წუთში შეცვალა. 69-ე წუთზე კი „ბურგონმა“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
საერთო ჯამში „ლიონი“ უპირატესობას ფლობდა, მეტი მომენტიც შექმნა, თუმცა თავისი არაერთი შანსი მასპინძლებსაც ჰქონდათ. საბოლოოდ, 90 წუთი ფრედ დასრულდა და გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც უფრო ზუსტი მასპინძლები გამოდგნენ და 4:2 მოიგეს.
ეს „ბურგონისთვის“ დაწერილი ისტორიაა, უდიდესი მიღწევა პატარა სოფლის გუნდისთვის, რომელიც ქომაგებმა მინდორზე შესაბამისადაც აღნიშნეს.
ბოლოს გეტყვით, რომ „ლიონი“ თავის მომდევნო შეხვედრას ლიგა 1-ში 19 იანვარს გამართავს. მიქაუტაძის გუნდი „ტულუზას“ უმასპინძლებს (00:05).