კარგი ამბავი: 19 წლის ქართველი მეკარე ესპანურ კლუბში ითამაშებს
CrystalSport-ის ცნობით, 19 წლის ქართველი მეკარე, 1,94 მ. სიმაღლის საბა ქაჯაია კარიერას ესპანურ „რეალ მურსიაში’’ გააგრძელებს. საბა „რეალ მურსიაში'' 2024 წლის სექტემბრიდან ვარჯიშობდა, ბიუროკრატიული საკითხის მოგვარების შემდეგ ესპანური კლუბის წევრი ოფიციალურად ახლა გახდა და თამაშის უფლება მიიღო. ამ ეტაპზე საბა „რეალ მურსიას’’ პირველ გუნდში ვარჯიშობს, ოფიციალურ თამაშებს მეორე გუნდში ჩაატარებს.
საბა მენტალურად ძლიერია, პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარეა, კარგი რეაქცია აქვს, პენალტებში ძლიერია.
საბა ესპანურ კლუბში სამენეჯერო კომპანიის, Khalena Sport Management-ის დახმარებით გადავიდა. აღნიშნულ სააგენტოს ლევან სარალიძე, ილია სარალიძე და ანტონიო ლოპესი წარმოადგენენ.
ამჟამად „რეალ მურსია’’ ესპანეთის რანგით მესამე ლიგაშია, თუმცა ლა ლიგა 2-ში დაბრუნების კარგი შანსი აქვს. ამბიციური კლუბია და საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.
ესპანურ კლუბში გადასვლამდე საბა მარტვილის „მერანის’’ ფეხბურთელი იყო, ამ კლუბის აკადემიის აღზრდილია, 2023 წელს მთავარი გუნდში 5 მატჩი ჩაატარა, 4 კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში და 1 საქართველოს თასზე.
საბას საქართველოს 18-წლამდე ნაკრებში უთამაშია, როცა მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე იყო.