„წასვლის მიზეზზე სიმართლე უნდა ეთქვა“ - ბრუსკოლოტი კვარას აკრიტიკებს
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ წასვლას იტალიაში განსხვავებული გამოხმაურებები აქვს. აზრი ორ ნაწილად იყოფა - ისინი ვინც კვარას ამართლებენ და მეორე მხარე, რომელიც ქართველ ფეხბურთელს ადანაშაულებს.
„ნაპოლის“ ყოფილმა კაპიტანმა ბეპე ბრუსკოლოტიმ Kiss Kiss Napoli-ს ეთერში კვარაცხელია გააკრიტიკა.
„მე კვარაცხელიას მადლობას არ ვეუბნები, არამედ ჩაოს (ciao). არ მინდა მას მადლობა გადავუხადო, რადგან ის ამას არ იმსახურებს. რატომ არ აუხსნა მან გულშემატკივრებს წასვლის მიზეზი? მან ხალხს უნდა აუხსნას მოვლენები როგორ წარიმართა.
ხვიჩა უფრო მკაფიო უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კონტემ გასულ ზაფხულს მას გუნდში დარჩენის საშუალება მისცა.
კვარამ თავისი წვლილი შეიტანა სკუდეტოს მოგებაში და ეს უნდა აღინიშნოს, მაგრამ საუკეთესო არის ის, რომ დასასრული უნდა იყოს სწორი. წასვლით ყველა მიდის, თავის დროზე მარადონაც წავიდა, მაგრამ მთავარია კარგად მოიქცე“.
როგორც ჩანს, ნეაპოლში კითხვები აქვთ და პასუხების მიღების იმედი თავიანთი კლუბისგან არ აქვთ. სანაცვლოდ კი ყველაფრის გაგება ხვიჩასგან სურთ.