„მიქაუტაძე ხელფასის დაკლებაზე თანახმაა“ - თურქი ჟურნალისტი
თურქი სპორტული ჟურნალისტი და ინსაიდერი კაღან დურსუნი, რომელიც „გალათასარაისთან“ დაკავშირებულ სიახლეებს აშუქებს, „ლიონის“ ქართველი ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
დურსუნის ცნობით, მიქაუტაძემ სახელფასო მოთხოვნები შეამცირა და ახლა 4 მილიონი ევროს აღებაზეა თანახმა. მისივე ინფორმაციით, „გალათასარაი“ მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ თურქულ გრანდში ქართველი ფორვარდის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია გასული წლის დეკემბრიდან ვრცელდება. მედიის ცნობით, „გალათასარაიმ“ „ლიონს“ ორი შეთავაზება გაუგზავნა, თუმცა ორივეზე უარი მიიღო.
მოგვიანებით ამ საკითხზე „ლიონის“ პრეზიდენტმა, ჯონ ტექსტორმაც ისაუბრა. მისი თქმით, „თურქული კლუბები შესანიშნავ ფეხბურთელებში მწირ თანხებს სთავაზობდნენ, ამიტომ ისინი ჯანდაბაში გაუშვა“.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 23 მატჩში 7 გოლი და 1 საგოლე პასია.
აქვე გეტყვით, რომ მომდევნო მატჩს მიქაუტაძის გუნდი საფრანგეთის თასზე დღეს „ბურგუენის“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.