ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„გენიოსი, ჯადოქარი, ტალანტი“ | Calcionapoli24-ის გამოსამშვიდობებელი წერილი ხვიჩას

Calcionapoli24-ი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი საფეხბურთო ვებგვერდია. ნეაპოლური პორტალის წარმომადგენლები საქართველოშიც იმყოფებოდნენ და ხვიჩა კვარაცხელია მათ ყურადღების ცენტრში ყოველდღიურად ექცეოდა. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ „კვარა“ „ნაპოლის“ დატოვებს და Calcionapoli24-ი ქართველ ფეხბურთელს მადლობის წერილით დაემშვიდობა.

მადლობა და ნახვამდის ხვიჩა, შენ მე ამატირე!

„ძვირფასო ხვიჩა, ვწერ ამ წერილს და მწუხარებას ვგრძნობ, თუმცა, თვალები მიბრწყინავს. ვფიქრობ, ესაა მდგომარეობა, რომელშიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მყოფი ნაპოლის ფანები, ნამდვილი ფანები, იმყოფებიან. ფანები, რომლებიც არ არიან ბუღალტრები, არ აცვიათ მთავარი მწვრთნელის ტანსაცმელი და არც საფეხბურთო ექსპერტობანას თამაშობენ სახლებიდან.

ამ წერილს გულიდან ვწერ. ისე, როგორც შენ თამაშობდი, როცა 77-ნომრიან მაისურს ირგებდი. მაისურს, რომელიც დღეიდან ლეგენდარული და საკულტო გახდება.

გამაღიზიანებელია ყველაფერი ასე რომ სრულდება, რადგან ველოდებოდით, რომ ჩვენი მედროშე გახდებოდი. ამის ნაცვლად, კიდევ ერთხელ, ფინანსურმა ინტერესებმა გაიმარჯვა. როლების ამ თამაშში, არიან სწორი და არასწორი მხარეები.

ერთი მხრივ, გვყავს კლუბი, რომელიც ხელფასებზე ფულს ყოველთვის ზოგავდა. კლუბი, რომელმაც შეცდომა დაუშვა და ხელშეკრულება ეგრევე არ გაუხანგრძლივა და არ დაიცვა სუფთა ტალანტი, რომელსაც პარტენოპეი 33 წელიწადი ელოდებოდა. მეორე მხარეს გვყავს გუნდის სიმბოლო, რომელიც ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ლიდერს ტოვებს. რა სამწუხაროა!

თუმცა, ფაქტი ფაქტია და უნდა ვაღიაროთ, რომ ნაპოლის საუკეთესო ფეხბურთელი, ადეკვატური კონტრაქტით არ დაუჯილდოებიათ. 2022/23 წლები - მე-16 ადგილი ანაზღაურების მხრივ. 2023/24 წლები - მე-16 ადგილი ანაზღაურების მხრივ. 2024/25 წლები -  მე-16 ადგილი ანაზღაურების მხრივ.

80 მილიონი ევრო, რომელსაც დე ლაურენტისი მიიღებს, ბევრია და მას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ მოდით, ჩვენს ძვირფას კვარას დავუბრუნდეთ და გვერდზე გადავდოთ ხელფასი, ფეხბურთელის რეგისტრაციის ფასი, ბონუსები, საიმიჯო უფლებები და საკომისიოები.

მოდით, ფეხბურთსა და მის მიერ მონიჭებულ ემოციებზე ვისაუბროთ.

სერია A-ში მეტეორივით შემოიჭერი და ნეაპოლის კიდევ ერთი შვილი ჩაანაცვლე, რომელიც მარცხენა ფლანგზე თამაშობდა. თანამეგზურეებთან ერთად, რომელთა შორის ზოგი შედარებით უცნობი იყო, მაგალითად კიმი და ოსიმენი, ჩვენი ჩემპიონატის იერარქია შეცვალე.

ისიც კი არ ვიცოდით, შენი გვარი როგორ წარმოგვეთქვა და სახელმძღვანელო შევქმენით, რომლითაც ფართო მასებს ვასწავლეთ შენი გვარი როგორ წარმოთქვან.

პირველი გოლი სადებიუტო შეხვედრაში ვერონას გაუტანე. პირველ საშინაო მატჩში კი, მონცასთან დუბლი შეასრულე და თან, რა ბურთი შეაგდე!

შემდეგ იყო დრიბლინგები, ასისტები და ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებები. ტრიუმფალური საღამოები და ისტორიული მიღწევები. იუვენტუსთან 5:1 მოგებული მატჩიდან დაწყებული, ატალანტასთან გატანილი გოლით დამთავრებული, რომლის დროსაც, მეტოქე გუნდის მცველებს მინდორზე ერთმანეთის მიყოლებით აწვენდი. საბოლოოდ, მივიღეთ იტალიის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი. რამდენ ხანს ველოდებოდით, რამდენი ხანი გვინდოდა, რამდენი ხანი ვოცნებობდით და როგორც იქნა, ხელებით სკუდეტოს შევეხეთ, ეს კი შენი ფეხების დამსახურება იყო!

გენიოსი, ჯადოქარი და ნიჭიერი ხარ. გაქვს, არაპროგნოზირებადობა, სიჯიუტე, საფეხბურთო სითავხედე, ტექნიკა, ინტელექტი და თავდადება!

დე ლაურენტისის ეპოქისა და მარადონას შემდგომი ნეაპოლის უძლიერესი ფეხბურთელი იყავი. ნეაპოლელები და ქართველები გააერთიანე! იტალიის ყველაზე ძლიერი კლუბები დაამარცხე და ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ლივერპული შეაშინე მატჩისას, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი მეტოქე მეტოქე ჩამოიშორე უმაღლეს სისწრაფეზე და ეს ისე გააკეთე, თითქოს ისინი არაფერს წარმოადგენდნენ.

მარჯვენა ფეხით, მარცხენა ფეხით და თავით გაიტანე. გაიტანე აკრობატული გოლები და საჯარიმო დარტყმები. გქონდა სასაცილო აღნიშვნები, სტეფ კარის მსგავსი აღნიშვნები და კოცნიდი ნაპოლის გერბს, რამაც კიდევ ერთხელ აგვატირა!

ახლა წადი, უკან არ მოიხედო. სწრაფად გაიქეცი, ახალ დანიშნულებას მიაშურე და ნეაპოლი ყოველთვის გულში ატარე.

მოდი, ასე დავასრულოთ და ერთმანეთი ყოველთვის გვიყვარდეს.

ის, ვისაც უყვარს, არასდროს ივიწყებს.

მადლობა და au revoir (შეხვედრამდე) ხვიჩა კვარაცხელია!

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„უმარს ასეთი ზეწოლა არასდროს უგრძნია“ | ვოლკანოვსკი დვალიშვილის გამარჯვებას ვარაუდობს
„უმარს ასეთი ზეწოლა არასდროს უგრძნია“ | ვოლკანოვსკი დვალიშვილის გამარჯვებას ვარაუდობს