„ამაზე არ ვისაუბრებ...“ - ლუის ენრიკეს კვარაზე ჰკითხეს
დღეს, პსჟ საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში სტუმრად „ესპალის“ დაუპირისპირდება. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ესპანელ სპეციალისტს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ჰკითხეს, თუმცა, ენრიკემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
რა თქვა ენრიკემ კვარას ტრანსფერზე:
„მიყვარს იმ ფეხბურთელებზე საუბარი, რომლებიც ჩვენს გუნდში არ არიან, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ“.
„ეს სატრანსფერო ფანჯარა ზაფხულისგან განსხვავდება, რადგან რთულია მიზანს კარგად დაუმიზნო. ამ გუნდიდან, რომელიც ახლა გვყავს, მაქსიმუმი უნდა მივიღოთ. ზოგადად, გუნდის გაუმჯობესებას ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით“.
პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად მიმდინარე კვირის ბოლომდე გაოფიციალურდება. მანამდე, გავლენიანმა ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ მხარეებმა შეთანხმებას ყველა დეტალზე მიაღწიეს და ქართველი შემტევის პარიზულ გუნდში თამაში 100%-ით გადაწყვეტილია.
გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ს „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, ხვიჩას კი 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვარა ანაზღაურების სახით წლიურად 9 მილიონ ევროს მიიღებს.
რომანო წერს, რომ პსჟ-ში უკვე დაინიშნა ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმება და ეს მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდება.