4-მატჩიანი მოუგებელი სერია | ქლევერლი ჩაკვეტაძეს ბოლომდე ენდო
ჩემპიონშიფის მე-19 ტურში „კარდიფმა’’, რომელიც გასავარდნ ზონასთან ახლოსაა, „უოტფორდი’’ მიიღო. „კარდიფი’’ 20 წლის უელსის, კიან აშფორდის გოლით იგებდა, 87-ე წუთზე იუსუფ ბაიომ სტუმრები მარცხისგან იხსნა - 1:1.
ჩემპიონშიფში „უოტფორდის'' მოუგებელი სერია 4-მატჩიანია, ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ გუნდმა ქულა მოიპოვა. „უოტფორდს'' გასული წლის 26 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია.
ტრადიციულად „უოტფორდის’’ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ ჩემპიონშიფის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა, თუმცა დღეს „ჩაკვესთვის’’ საუკეთესო დღე არ ყოფილა, მის თამაშს კრეატიული გადაწყვეტილებები, დრიბლინგები და მწვავე პასები ძალიან აკლდა, რაც „უოტფორდის’’ თამაშზე უარყოფითად აისახა. ქლევერლის გუნდი შეტევაში ინერტული იყო, „უოტფორდის’’ შემტევები მეტოქის მცველებს პრობლემებს ვერ უქმნიდნენ.
გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში ყველა მატჩში ითამაშა, ყოველთვის სასტარტოში იყო, შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია, მისი კრეატივი და ტექნიკა „უოტფორდის’’ თამაშზე დიდ გავლენას ახდენს, რასაც ცხადია დღევანდელ თამაშზე ვერ ვიტყვით. 26 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა, თუმცა ცხადია მისი საგოლე პასების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა, მისი თანაგუნდელები დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო ზუსტად რომ მოქმედებდნენ.
„უოტფორდი'' 38 ქულით მე-8 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს 2 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონშიფის მომდევნო ტურში „უოტფორდი'' „დერბი ქაუნთის'' ესტუმრება (18 იანვარი).