„რა პოზიციაზე ითამაშებს კვარა პსჟ-ში? მას კონკურენცია ელის...“
მიმდინარე კვირაში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადებას ელიან. ყველაფერი ამ მიმართულებით მიდის. იქამდე კი იტალიური და ფრანგული პრესა კვარას შესახებ აქტიურად წერს.
Le Parisien-ის ჟურნალისტი კრისტოფ ბერარდი კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მას ლუის ენრიკეს გუნდში კონკურენციის დაძლევა მოუწევს.
„კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით, პსჟ ძალიან ფრთხილია. ისეთი განცდა მაქვს, რომ მათ არ სურთ აჩვენონ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი მოგვარებული აქვთ და მალე ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება. ვფიქრობ, საბოლოოდ გარიგება არანაკლებ 75 მილიონი ევროთი შედგება.
რა პოზიციაზე ითამაშებს კვარა პსჟ-ში? მარჯვენა ფლანგზე დემბელე თამაშობს, რომელიც ამ პოზიციაზე თავს კარგად გრძნობს. მარცხნივ კი ბრედლი ბარკოლაა, რომელსაც ბოლო ორი თვეა პრობლემები აქვს და სასურველ ფორმაში არ არის. კვარაცხელიას ტრანსფერი სწორედ კონკურენციის შექმნას ემსახურება.
ვერ ვიტყვი, რომ ქართველი თავიდანვე სასტარტოს წევრი გახდება. კლუბს აქვს გეგმა, რომ კიდევ ერთი ძლიერი შემტევი შეიძინოს. საბოლოოდ, კონკურენციაში ვინც უკეთესი იქნება სასტარტოშიც ის ითამაშებს“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ პსჟ-სთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. წლიურად 9 მილიონ ევროს მიიღებს, ბონუსების სახით კი 2 მილიონი დაემატება.