„მისი დებიუტით კმაყოფილი ვარ, თუმცა... “ - ჰაიდენჰაიმის თავკაცი ბუდუზე
„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ შმიდტმა „ვერდერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ასევე ისაუბრა გუნდის ახალწვეულების, ბუდუ ზივზივაძისა და ფრანს კრეტციგის დებიუტზე.
რა თქვა შმიდტმა:
„ფრანს კრეტციგმა და ბუდუ ზივზივაძემ კარგად ითამაშეს. გარდა იმისა, რომ ისინი სპორტული თვალსაზრისით გვეხმარებიან, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ორ ფეხბურთელს არ აწევს ის ნეგატიური წნეხი, რომელიც ბოლოდროინდელი შედეგების გამო შეიქმნა.
ფრანსმა მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და ვიდრე შევცვლიდი, კარგად თამაშობდა. შეამჩნევდით, რომ ის ჯერ არაა 90 წუთის სათამაშოდ, მაგრამ ეს არაა პრობლემა - სათადარიგოთა სკამიდან თამაშში ისეთი ფეხბურთელები ჩაერთნენ, რომლებმაც ხარისხი არ დააგდეს.
ბუდუ ცენტრალურ მცველებს მთელი მატჩის განმავლობაში ზეწოლის ქვეშ ამყოფებდა. ყველა ორთაბრძოლა არ მოუგია და არც გოლი გაუტანია, მაგრამ მონაწილეობა მიიღო საგოლე შეტევაში და 2-3 საგოლე მომენტიც ჰქონდა. ასე რომ, მისი თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ორივე ახალწვეულმა უნდა გააგრძელოს საკუთარ თავზე მუშაობა, იმიტომ რომ მათ მეტის გაკეთება შეუძლიათ“.
შეგახსენებთ, რომ „ჰაიდენჰაიმის“ მაისურით სადებიუტო მატჩი ბუდუ ზივზივაძემ 11 იანვარს, „უნიონ ბერლინის“ წინააღმდეგ გამართა. ბუდუს გუნდმა 2:0 გაიმარჯვა და 10-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.
მომდევნო მატჩს „ჰაიდენჰაიმი“ 15 იანვარს, სტუმრად, „ვერდერის“ წინააღდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.