ილია სულამანიძე
Aa
Aa

„ოლიმპიადის ფინალში მარცხის გადატანა ძალიან გამიჭირდა“ - ილია სულამანიძის ინტერვიუ EJU-სთან

ძიუდოში, -100 კგ. წონით კატეგორიაში პარიზის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, ილია სულამანიძემ ევროპული ძიუდოს კავშირთან (EJU) ინტერვიუ ჩაწერა, სადაც განვლილი წელი შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

რას ამბობს სულამანიძე:

„ოლიმპიურ თამაშებამდე თავს მშვენივრად ვგრძნობდი, მთელი გუნდი დიდ დროს ვუთმობდით მომზადებას როგორც მენტალური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით. ყოველი წამი, წუთი და საათი ოლიმპიადაზე ვიყავი კონცენტრირებული და აქტიურად ვემზადებოდი. არ ვამახვილებდი ყურადღებას მედლებზე ან გამარჯვებებზე, მხოლოდ მომზადებაზე ვფიქრობდი“.

„კონკურენციაზე არასდროს ვნერვიულობ. ნერვიულობა ჩემი გონებისთვის და მენტალიტეტისთვის უარყოფითად მოქმედებს. როცა ვნერვიულობ, საკუთარი შესაძლებლობის 100%-ს ვერ ვაჩვენებ, ვერ ვიქნები საუკეთესო. ხანდახან, ნერვიულობა საჭიროა, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ფოკუსირებაში დაგეხმაროს, გქონდეს სიჩქარე, მაგრამ არა იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა“.

„ლაშა ბექაურის მეორე ოქრო? მე და ლაშა ერთ ოთახში ვიყავით და ორივე ოლიმპიური ოქროსთვის ვემზადებოდით. რა თქმა უნდა, როდესაც ჩემპიონი გახდა, ამან უფრო დიდი მოტივაცია მომცა. როდესაც ჩემი გამოსვლის დღეს გავიღვიძე, ლაშას შევხედე და თავი მშვენივრად ვიგრძენი, არ ვიცი რატომ, მაგრამ თავს უბრალოდ ბედნიერად ვგრძნობდი. მხოლოდ მწვრთნელთან ერთად მცირე ვარჯიში გავიარე, ბევრი არ დამჭირვებია, მსუბუქი უჩი კომი... ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე მნიშვნელოვანი მენტალური მზადყოფნაა. ოჯახთანაც არ მისაუბრია, მთელი კონცენტრაცია შეჯიბრისკენ მქონდა მიმართული“.

„ოლიმპიადაზე ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი ნახევარფინალი იყო, ასეთ გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი და გეგმაშიც არ მქონია. აქამდე არ მინახავს, ნახევარფინალი 11 წამში დასრულებულიყო. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა... რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო - პირველ 10 წამში, 1-2 წუთში მომეგო, 15 წუთისთვისაც მზად ვიყავი, მაგრამ ეს უბრალოდ ასე მალე და სრულყოფილად მოხდა“.

„რაც შეეხება ფინალს, ამ მომენტზე საუბარი მშობლიურ ენაზეც არ შემიძლია. მაშინ, ამასთან გამკლავება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს საკმაოდ ძვირი გამოცდილება და გაკვეთილი იყო. საქართველოში ოქროს მედალოსნებს მილიონი ლარით აჯილდოებდნენ, ვერცხლზე კი საპრიზო თანხა ამის ნახევარი იყო, ასე რომ დიახ, ეს ყველაზე ძვირადღირებული გაკვეთილიც იყო. ამ ბრძოლას განმეორებით ვუყურე და ახლა ისეთი რთული აღარ არის, ის იყო ერთი წამი, ჩემი ცხოვრების ერთი მომენტი და ახლა ყველაფერი კარგადაა, ცხოვრება გრძელდება“.

„როდესაც სამშობლოში დავბრუნდით, გულშემატკივრებმა წარმოუდგენელი დახვედრა მოგვიწყვეს, საჩუქრები დაგვირიგეს, მაგრამ ეს ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავდა, რადგან ქართველი ხალხი დიდ პატივისცემას გამოხატავდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავდა, ვიდრე ოლიმპიური ჩემპიონობაა. შესაძლოა, იმიტომ რომ ხალხს ემოციური ისტორიები და სევდიანი მომენტები მოსწონთ და ამის გამო დამიჭირეს მხარი. ახლა საქართველოში ბრწყინვალე მდგომარეობა მაქვს. რაღაც პერიოდის განმავლობაში ისე ვერ ვვარჯიშობდი, როგორც მინდოდა, მაგრამ საქმეს უკვე დავუბრუნდი. ახლა მხოლოდ ოლიმპიური ოქროსთვის მოვემზადები“.

ილია სულამანიძე პრიზის ოლიმპიური თამაშების ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ კოციევთან ბოლო წამებამდე ვაზარით იგებდა და ოქროს მედლის მოპოვებასთან ახლოს იყო, თუმცა სამწუხაროდ, ქართველი ძიუდოისტი შეხვედრის მიწურულს შიდოებით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბს ჩემპიონის გული აქვს“ | ხაბიბმა დვალიშვილისა და უმარის ჩხუბზე ისაუბრა
„მერაბს ჩემპიონის გული აქვს“ | ხაბიბმა დვალიშვილისა და უმარის ჩხუბზე ისაუბრა