„რეალს კლასიკო 9 კაცით უნდა დაესრულებინა“ - ფიფას ყოფილი არბიტრი
საუდის არაბეთში გამართული ესპანეთის სუპერთასის ფინალის შემდეგ, ესპანურ პრესაში მსაჯებთან დაკავშირებით დიდი გამოხმაურებაა.
მადრიდულმა As-მა FIFA-ს ყოფილი არბიტრო მანუელ იტურალდე გონსალესი ჩაწერა და „რეალი“ „ბარსელონას“ ფინალში დაფიქსირებულ საკამათო ეპიზოდებზე ისაუბრა. მისი თქმით, მადრიდელებს თამაში 9 კაცით უნდა დაესრულებინათ.
„ეს იყო მატჩი, რომლისთვისაც ჩემი აზრით, ხილ მანსანო ფსიქოლოგიურად ყველაზე ნაკლებად იყო მომზადებული.
როცა კამავინგამ იამალი აშკარად დაიჭირა, მისი მხრიდან ძალიან არასწორი ქმედება იყო და აუცილებლად იმსახურებდა ყვითელ ბარათს, რის შემდეგადაც მას გააძევებდნენ. მან პერსპექტიული კონტრშეტევა გამიზნული ჯარიმით შეაჩერა.
რაც შეეხება ვინისიუსის უხეშობას კუნდეს წინააღმდეგ, ეს სუფთა წითელი ბარათი იყო. მან აქილევსის მყესების არეში ჩაარტყა. ხილ მანსანო ზედმეტად ფიქრობდა შედეგებზე და ფრთხილობდა, რამაც მცდარ გადაწყვეტილებებამდე მიიყვანა. ამ შეხვედრაში რეალი მოედანზე 9 მოთამაშით უნდა დარჩენილიყო. არბიტრმა აშკარა შეცდომები დაუშვა“.
შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ პირველი ტაიმი 1:4 წააგო. კამავინგა კი მოედნიდან გაძევებას პირველივე ტაიმში გადაურჩა. ვინისიუსის ეპიზოდი კი მეორე ნახევარში იყო. საბოლოოდ, კაცნაკლული „ბარსელონა“ დარჩა. ვოიცეხ შესნი ვიდეო რეფერის გამოყენების შემდეგ, მოედნიდან სამართლიანად გააძევეს.