ლაპორტა: 1:1 წესს დავუბრუნდით და სასურველ ტრანსფერებს გავაკეთებთ
ჟოან ლაპორტამ ესპანეთის სუპერ თასის ფინალში მადრიდის „რეალის“ დამარცხების (5:2) შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა და კლუბში არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელიც მკვეთრად გამოკეთდა.
ლაპორტამ 1:1 წესის დაფიქსირებაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც მათ სატრანსფერო ბაზარზე თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევს.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორი მოვლენა მოხდა, რომელიც ზოგ რაღაცას ადასტურებს და ზოგს კი უარყოფს. საერთო ჯამში, ისინი ხაზს უსვამენ კლუბის ძლიერ მხარეებს. და ისინი უარყოფენ ჩვენს წინააღმდეგ გაკეთებულ უარყოფითი შინაარსის განცხადებებს.
პირველ რიგში, ჩვენ დავუბრუნდით 1:1 წესს და ისევ შეგვიძლია მშვიდად გავიფორმოთ ახალი მოთამაშეები, გავაკეთოთ სასურველი ტრანსფერები. ეს საშუალებას გვაძლევს დავარეგისტრიროთ დანი ოლმო და პაუ ვიქტორი.
1:1-ის წესს რომ დაგვებრუნებინა, ჩვენ მოგვიწია ისეთი კონტრაქტების გაფორმება, როგორიც იყო Nike-თან, საუკეთესო კონტრაქტი საფეხბურთო სამყაროში. ეს ასევე უარყოფს მათ ნათქვამს, ვინც ამბობდა, რომ კლუბს ცუდი იმიჯი აქვს და ცუდად იმართება“,
- განაცხადა „ბარსელონას“ პრეზიდენტმა.
ლაპორტამ ცალკე ისაუბრა ლა ლიგის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულებაზე, რომელიც კლუბმა საბოლოოდ დაძლია.
„მე არასდროს ვაპირებდი გადადგომას ლა ლიგის და ფედერაციის გადაწყვეტილების გამო. ეს შეუძლებელი იყო. ჩვენ არ ვნებდებით, მაგრამ ისინი ცდილობდნენ კლუბის, ფეხბურთელების და სამწვრთნელო შტაბის დესტაბილიზაციას. ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ, მოვიგეთ სუპერთასი და ახლა ვამბობ, რომ ბარსელონა გადავარჩინეთ. ჩვენ ეს შევძელით.
შემთხვევითი არ არის, რომ როდესაც ბარსელონა უბრუნდება მსოფლიო ფეხბურთის ავანგარდს, ბევრი მხარე, რომელსაც მხარს უჭერენ სხვადასხვა მედია საშუალებები, ცდილობენ დააწესონ სამარცხვინო ნარატივი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.
რა მოხდა დანი ოლმოს საქმეზე? ოლმოსა და ვიქტორის რეგისტრაციისთვის დოკუმენტაცია 27 დეკემბერს წარვადგინეთ! 28, 29 და 30 დეკემბერს ლა ლიგამ მოგვთხოვა მეტი დოკუმენტაცია. 31-ში კი ჩვენ ყველაფერი გადავუგზავნეთ და დავადასტურეთ. მათ მეტი არაფერი მოგვთხოვეს. შემდეგ ჩვენ RFEF-ს წარვუდგინეთ ორი მოთამაშის რეგისტრაციის გახანგრძლივება, მათ გვითხრეს, რომ პრობლემა არ იქნება“.
რას ნიშნავს 1:1 წესი? კლუბს უფლება ეძლევა წლიური შემოსავლიდან მიღებული თანხის ყოველი ევრო ტრანსფერებში გამოიყენოს. შეიძინოს ის ვინც უნდა და გადაიხადოს იმდენი რამდენის შესაძლებლობაც ექნება. ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ამჟამად ლა ლიგაში არსებული მკაცრი წესების მიხედვით, ნებისმიერი კლუბი შემოსავლის მხოლოდ მესამედს ხარჯავს ტრანსფერებში, რაც ბუნებრივია სატრანსფერო ბაზარზე საქმეს ართულებს. ამ ვითარებას კი მხოლოდ 1:1 წესი ცვლის.
ამ წესის დაფიქსირება „ბარსამ“ ბოლოს ჩავის დროს 2022 წლის იანვარში შეძლო, როცა ფერან ტორესი, ადამა ტრაორე, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, დანი ალვეში და რაფინია გაიფორმა.