„უმარის მხრიდან ეს დიდი შეცდომაა...“ - როგორია ლიანა ჯოჯუას პროგნოზი
MMA-ის ქართველი მებრძოლი, ლიანა ჯოჯუა UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს შორის დაგეგმილ დაპირისპირებას გამოეხმაურა და საკუთარი პროგნოზიც გააკეთა. „ძუ მგელი“ მიიჩნევს, რომ მერაბი ქამარს წარმატებით დაიცავს.
რა თქვა ლიანა ჯოჯუამ:
„მერაბი უხერხული და ჰიპერენერგიული მეტოქეა, მისგან რამის პროგნოზირება რთულია. მას არ აქვს დარტყმების კონკრეტული ტრაექტორია, მერაბი არასტანდარტული მებრძოლია. ბევრი ფიქრობს, რომ ის დგომში სუსტია, შემდეგ კი მერაბი დგომში მეტოქეს მთელი ხუთი რაუნდის განმავლობაში ურტყამს, ეს არაერთხელ მომხდარა.
ფავორიტად მაინც ჩემპიონს მივიჩნევ. მერაბს შეუძლია, დაღალოს უმარი. ვფიქრობ, ბრძოლა 5 რაუნდს გაგრძელდება. ეჭვგარეშეა, რომ კარდიოს მხრივ მერაბი მოწოდების სიმაღლეზე იქნება.
უმარი მერაბს სათანადოდ ვერ აფასებს, ეს დიდი შეცდომაა. უმარმა თქვა, ვერ ვხედავ, მერაბმა როგორ შეიძლება მომიგოსო. საქმეც სწორედ ესაა: მერაბი იმდენად არასტანდარტულია, რომ არ იცი, როგორ დაამარცხო“.
ცნობისთვის, დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირება UFC 311-ის თანამთავარი მოვლენაა. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს ასახელებენ და თვლიან, რომ მერაბს საჩემპიონო ქამრის შენარჩუნება გაუჭირდება.
მერაბისთვის ეს ქამრის პირველი დაცვა იქნება. ჩემპიონის ტიტული მან გასულ წელს, შონ ომალისთან ბრძოლაში მოიპოვა.