„გულითადი მოკითხვა“ - მესიმ ნონა გაფრინდაშვილს მაისური აჩუქა
ლეო მესიმ საქართველოს ლეგენდარულ მოჭადრაკეს, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს მადლობა გადაუხადა საჩუქრისთვის და საპასუხოდ არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისური გაუგზავნა (საკუთარი ავტოგრაფით).
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ლეო მესიმ ნონა გაფრინდაშვილს მაისური გაუგზავნა. ყველაფერი 2021 წელს დაიწყო, როცა 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მესიმ ქალბატონ ნონას „ბარსელონას“ მაისური აჩუქა.
საპასუხოდ, ნონა გაფრინდაშვილმა ლეოს მოოქროვილი საიუველირო ჭადრაკი გადასცა, რომელიც 2021 წელს „ზარაფხანას“ მიერ იყო დამზადებული და „კოპა ამერიკაზე“ არგენტინის ნაკრების გამარჯვებას უკავშირებოდა.
„გამარჯობა ნონა, პირველ რიგში თქვენთვის მადლობის გადახდა მსურდა. როგორც იქნა, ამდენი ხნისა და რამდენიმე მცდელობის შემდეგ, საჩუქარი ჩამომივიდა. კიდევ ერთხელ მადლობა და გულითადი მოკითხვა. ასევე გიგზავნით ეროვნული ნაკრების ხელმოწერილ მაისურს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“.
- ამბობს მესი სამადლობელ ვიდეოში, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის იუთუბ არხზე ვრცელდება.
ამ ყველაფრის ორგანიზება არგენტინის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურის სამინისტროსა და არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. მათი დახმარებით, საქართველოს ელჩმა არგენტინაში, გვარამ ხანდამიშვილმა ნონა გაფრინდაშვილსა და ლეო მესის, ერთმანეთისთვის გაგზავნილი საჩუქრები გადასცა.