„ფურცელზე ფავორიტი უმარია, მაგრამ...“ | უიტეკერი მერაბს ქომაგობს
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, რობერტ უიტეკერმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის სატიტულო ორთაბრძოლაზე ისაუბრა. უიტეკერმა განაცხადა, რომ ფურცელზე ფავორიტი უმარია, მაგრამ გული უგრძნობს და სურს კიდეც, რომ „მანქანამ“ გაიმარჯვოს.
„უმარს ჭიდაობა კარგად გამოსდის და ამის წყალობით, შეუძლია, მერაბის ძლიერი მხარეები გაანეიტრალოს. სტრაიკინგს რაც შეეხება, ნურმაგომედოვი ბევრად მაღალი დონის სტრაიკერია. მას გრძელი ხელები აქვს, მაღალია და აქვს აღნაგობა, რომლის დგომში გამოყენებაც ძალიან კარგად შეუძლია. ვფიქრობდი, რომ ახალი ჩემპიონი გვეყოლებოდა, მაგრამ აღარ ვიცი. ბოლო რამდენიმე დღეა, რაღაც მეუბნება, რომ დვალიშვილი გაიმარჯვებს.
მერაბი ყველამ ჩამოწერა. არადა, იდეალურად აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ვფიქრობ, 5-რაუნდიან ბრძოლაში, რომლის დროსაც დვალიშვილი არ გაჩერდება, არის შანსი, მან კიდევ ერთი ჩხუბი მოიგოს გადაწყვეტილებით. მერაბისთვის ტკივილი მიუყენებიათ და წაბარბაცებულიც გვინახავს, მაგრამ თეიქდაუნზე მიდის და პრობლემური სიტუაციიდან გამოდის.
უმარი ძალიან კარგი მებრძოლია და ფურცელზე ფავორიტი სწორედ ისაა, თუმცა, შინაგანი ხმა მეუბნება, რომ მერაბისკენ წავიდე და მინდა, დვალიშვილმა, თავისი უცნაური ხელებით, დისტანცია შეამციროს, მეტოქე შეანელოს, მთელი ორთაბრძოლა ამ ტემპში ჩაატაროს და გაიმარჯვოს. მერაბს აქვს საკმარისი ენერგია, რათა ეს სამუდამოდ აკეთოს.
მინდა, დვალიშვილმა საკუთარ ძლიერ მხარეებზე იმუშაოს და მინდა, ვნახო, რომ მისი სტილი ყველა მეტოქის წინააღმდეგ მოქმედებს. როგორც ვთქვი, ფურცელზე ისეა, რომ უმარმა ნაწილებად უნდა დაშალოს, მაგრამ ამის ნახვა არ მინდა. მინდა, მერაბმა თეიქდაუნების შესრულება დაუღალავად სცადოს, მეტოქე დაღალოს და გაიმარჯვოს. ჩემი აზრით, ნურმაგომედოვი დვალიშვილისთვის ყველაზე რთული მეტოქეა. მერაბს ძალიან ძნელი ორთაბრძოლა ელოდება”.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა რამდენიმე დღეში, 19 იანვარს UFC 311-ზე გაიმართება.