The Athletic: ანჩელოტი ტრანსფერებს ითხოვდა, რეალს კი იანვარში ფულის ხარჯვა არ სურს
„ელ კლასიკოში“ „რეალის“ მიერ განცდილმა მწარე მარცხმა (2:5) კარლო ანჩელოტის მომავალთან დაკავშირებით დებატების ახალი ტალღა ააგორა.
The Athletic-ის ინფორმაციით, იმის ფონზე, თუ როგორ გამოიყურებოდა „სამეფო კლუბის“ დაცვა „ბარსელონას“ შემტევების წინააღმდეგ, „რეალში“ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პერესს ზაფხულში დაცვის ხაზი უნდა გაეძლიერებინა. თუმცა ახლა კრიტიკის მთავარი ადრესატი ანჩელოტია, რომლის გუნდსაც მთავარმა კონკურენტმა მიმდინარე სეზონში ორი მატჩის ჯამში 9 გოლი გაუტანა.
როგორც გამოცემას სამეფო კლუბში საკუთარმა წყაროებმა განუცხადეს, „ბარსელონასთან“ მარცხის მიუხედავად ანჩელოტის გადაყენებაზე საუბარი არაა, მაგრამ ამავე დროს, მათი თქმით, „რეალი“ არ აპირებს, უღალატოს ჩვეულ მიდგომას, რომელიც იანვრის სატრანსფერო პერიოდში ახალი ფეხბურთელების დამატებისგან თავის შეკავებას ითვალისწინებს.
„ეს არის კარგიც და ცუდი ამბავიც ანჩელოტისთვის. როგორც ჩანს, ის „რეალის“ მწვრთნელად რჩება, მაგრამ გუნდი იანვარში ტრანსფერებს არ განახორციელებს“, - წერს გამოცემა.
გასული თვეების განმავლობაში „რეალს“ დაცვაში პრობლემები ჰქონდა და მადრიდელებს პრესა არაერთი ტრანსფერის კონტექსტში მოიხსენიებდა. საუბარი იყო „ალ-ნასრის“ ესპანელ მცველ ემერიკ ლაპორტზე, „პალმეირასის“ 19 წლის მცველ ვიტორ რეისზე და „ლივერპულის“ მარჯვენა მცველ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდზე, თუმცა კლუბში კვლავ აცხადებენ, რომ იანვარში დიდი ტრანსფერების განხორციელება არ იგეგმება.
კარლო ანჩელოტიმ, რომელიც წარსულში ყოველთვის უჭერდა მხარს კლუბის ამ პოლიტიკას, გასულ კვირებში გამართულ პრესკონფერენციებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ახალი ფეხბურთელების დამატება გამორიცხული არაა.
„რეალის“ ხელმძღვანელობაში არიან ადამიანები, რომლებიც ანჩელოტის მსგავსად ფიქრობენ, რომ გუნდს ცენტრალური და მარჯვენა მცველები სჭირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფლორენტინო პერესი იანვარში ფეხბურთელში დიდი თანხის გადახდას გადაწყვეტს.