Calciomercato: გოგლიჩიძის აგენტი მილანთან მოლაპარაკებებს მართავს
„ემპოლის“ ქართველი მცველის, საბა გოგლიჩიძის „მილანში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
იტალიური ონლაინგამოცემა Calciomercato-ს ცნობით, გასული დღეების განმავლობაში საბა გოგლიჩიძის აგენტი, ლუკა პუჩინელი ესაუბრებოდა „როსონერის“ მენეჯმენტს, თუმცა მილანურ კლუბს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
გამოცემა ასევე წერს, რომ პირველ რიგში „როსონერის“ ფორვარდის დამატება სურს, თუმცა გოგლიჩიძის დამატების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, „მილანი“ ქართველ მცველს სეზონის ბოლომდე იჯარის წესით „ემპოლიში“ დატოვებს, რაც ასევე შედის ტოსკანური კლუბის ინტერესებში.
გარდა ამისა, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბას კიდევ ერთი მსურველი ჰყავს ტურინის „იუვენტუსის“ სახით.
შეგახსენებთ, საბა გოგლიჩიძე ქუთაისის „ტორპედოს'' აღზრდილია, 2024 წლის ზამთრიდან „ემპოლის'' ფეხბურთელია, კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.