„ადრე ამას ტელევიზორით ვუყურებდი, ახლა კი...“ - ბუდუ ბუნდესლიგაში დებიუტზე
გერმანიის ბუნდესლიგაში დებიუტის შემდეგ, ჰაიდენჰაიმის ახალწვეული, ბუდუ ზივზივაძე ადგილობრივ მედიას ესაუბრა და ემოციები გაუზიარა.
რა თქვა ბუდუმ:
„წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ. ბუნდესლიგაში ვთამაშობ! ბავშვობაში, ამას მხოლოდ ტელევიზორში ვუყურებდი და ვოცნებობდი, ახლა კი ეს ოცნება ახდა. შემდეგ კი ჩემი დებიუტი და გამარჯვება! ეს უბრალოდ შესანიშნავია“.
„ბუნდესლიგაში ყველაფერი უფრო სწრაფი და ინტენსიურია, ვიდრე მეორე ბუნდესლიგაში იყო. მოთამაშეებიც ინდივიდუალურად უკეთესები არიან. ჰაიდენჰაიმში უფრო ბევრი უნდა ვირბინო, მთავარი მწვრთნელიც სწორედ ამას მთხოვს. ფრენკ შმიდტი კარგი სპეციალისტია, მისგან ბევრის სწავლა შემიძლია“.
ბუნდესლიგაში სადებიუტო მატჩში, ბუდუ ზივზივაძემ „უნიონ ბერლინის“ წინააღმდეგ 2:0 მოგებულ შეხვედრაში ასისტის შესრულება შეძლო. 83-ე წუთზე ბუდუს დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი თანაგუნდელმა ბეკმა ყველას დაასწრო და ანგარიში 2:0 გახადა. შედეგად, ქართველმა შემტევმა ასისტი ჩაიწერა.
ამ მატჩამდე „ჰაიდენჰაიმს“ 10-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და 28 სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგო. 16 ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ 13 ქულა დააგროვა, კვლავ მე-16 ადგილზეა, თუმცა მე-15 პოზიციაზე მყოფ „ჰოფენჰაიმთან“ ქულათა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ბუნდესლიგის შემდეგ ტურში „ჰაიდენჰაიმი’’ ბრემენის „ვერდერს“ ესტუმრება. მატჩი 15 იანვარს გაიმართება.