„როდესაც ნიუკასლის ინტერესის შესახებ გავიგე, არ მჯეროდა“ - სალიას ინტერვიუ
„ნიუკასლის“ ახალწვეული, ვახტანგ სალია რამდენიმე დღის წინ ინგლისური კლუბის ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც გუნდის ხელმძღვანელებსა და მთავარ მწვრთნელს, ედი ჰოუს შეხვდა და ბაზაზე არსებულ სიტუაციას გაეცნო.
მოგვიანებით, ახალგაზრდა შემტევი კლუბის პრესსამსახურს გაესაუბრა და ტრანსფერისგან გამოწვეული ემოციები გაუზიარა.
 
რას ამბობს ვახტანგ სალია:
 
 
„როდესაც პირველად გავიგე, რომ ჩემით ნიუკასლი დაინტერესდა, არ მჯეროდა. ეს ჩემთვის დიდი ამბავი იყო. სენტ-ჯეიმს პარკზე თამაში ჩემი ოცნებაა და ვფიქრობ, ამაზე ნებისმიერი ოცნებობს. მამაჩემმა და ჩემმა აგენტმა დამარწმუნეს აქ გადმოსვლაში, მითხრეს, რომ ორი ქართველი თამაშობდა. ამ კლუბს დიდი ისტორია აქვს.
 
 
„თემურ ქეცბაია? ის პირადად არასდროს მინახავს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე შევხვდები“.
 
 
„არ მგონია, რომ მხოლოდ ერთ პოზიციაზე ვითამაშო, რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია თავის გამოჩენა. უბრალოდ, ნება მომეცით, რომ ვითამაშო და ამას დავამტკიცებ. არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, უბრალოდ, მირჩევნია სხვებმა შეაფასონ ჩემი თამაში“.
 
 
„საქართველოს ფარგლებს გარეთ თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევაა, თავიდანვე მქონდა ამის მოტივაცია და ახლა ეს მდგომარეობა ჩემთვის ნორმალურია. ყველა პროფესიონალი ფეხბურთელი თავის ოცნებებს უნდა მიჰყვეს“.
 
 
„ერთი წლის წინ ჩემი ოცნება „დინამოს“ მთავარ გუნდში თამაში იყო. ოცნება რეალობად იქცა და ეს საოცარი გრძნობაა. როდესაც „დინამოში“ მქონდა დებიუტი, გოლი 2 თამაშის შემდეგ გავიტანე და ამან უფრო დიდი მოტივაცია მომცა. როდესაც „ნიუკასლის“ ინტერესის შესახებ გავიგე, ამან მოტივაცია კიდევ უფრო გამიზარდა“.
 
ვახტანგ სალიას „ნიუკასლში“ ტრანსფერზე კლუბის სპორტულმა დირექტორმა, პოლ მიტჩელმაც ისაუბრა.
 
რას ამბობს მიტჩელი:
 
 
„მოხარული ვარ, რომ ვახტანგ სალიას გაფორმება სხვა ტოპ-კლუბებს დავასწარით. მოუთმენლად ველით მასთან ერთად მუშაობის დაწყებას, მანამდე კი „დინამოში“ დარჩენილ პერიოდში წარმატებას ვუსურვებთ“.
 
17 წლის ფეხბურთელი „კაჭკაჭებს“ 2025/26 წლების სეზონის დასაწყისში შეუერთდება.