„გიორგის საოცარი მენტალიტეტი აქვს“ - კორბერანმა მამარდაზე ისაუბრა
„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს კორბერანმა კოპა დელ რეიზე, „ოურენსესთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ქართველი გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა და მისი მდგომარეობა შეაფასა. კორბერანმა აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, ხვალინდელ შეხვედრაში კარს სტოლე დიმიტრიევსკი დაიცავს.
რას ამბობს კორბერანი:
„ფეხბურთს ყოველთვის ახლავს როგორც წარმატება, ასევე შეცდომები. ამ წარმატებასა და შეცდომებში გამუდმებით მუშაობ იმისთვის, რომ გაიზარდო, მეტი წარმატება მოიტანო და შეცდომები შეამცირო. დღევანდელი ვარჯიში ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მაგრამ ხვალ კარში დიმიტრიევსკი იქნება“.
„ჩვენ სამი განსხვავებული მეკარე გვყავს და სამივე მათგანი ძალიან კარგია. მთავარია სწორად მუშაობა გავაგრძელოთ და წარმატებებიც აუცილებლად მოვა. გიორგის გასულ ტურში გამორჩეული მატჩი ჰქონდა და თავისი სეივებით გუნდს დაეხმარა. მას აქვს საკმაოდ კარგი ხასიათი და დიდი უნარი იმის, რომ გაუმჯობესება განაგრძოს და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს“.
1-თვიანი პაუზის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ლა ლიგის გასულ ტურში, „სევილიას“ წინააღმდეგ დაუბრუნდა. სევილიელების წინააღმდეგ ქართველმა მეკარემ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, მაგრამ სამწუხაროდ, გოლი შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაუშვა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.