პირველად კლუბის ისტორიაში - ატლეტიკოს საოცარი სვლა
წლევანდელი სეზონის დაწყებამდე ესპანეთის ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ტრადიციულად ორ გრანდს, „რეალსა“ და „ბარსელონას“ უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა „ატლეტიკომ“ შეძლო და ამ დუეტს მყუდროება დაურღვია. არამხოლოდ მყუდროება დაურღვია, არამედ პირველი წრის ჩემპიონი გახდა, რაც როხიბლანკოს ისტორიაში მეცხრედ მოხდა და ბოლოს როდესაც 19 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ლიდერი იყო, ანუ 2020-2021 წლების სეზონში, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა და ოქროს მედლები მოიპოვა.
გარდა პირველი წრის ლიდერის ამპლუაში დასრულებისა, მადრიდელებმა 14-მატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხვეს, რითაც საკლუბო რეკორდი დაამყარეს. აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი ისევ და ისევ დიეგო სიმეონეს მწვრთნელობისას ჰქონდა „ატლეტიკოს“ დაფიქსირებული, როდესაც 2012 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდში ზედიზედ 13 შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა. აქვე გეტყვით, რომ უკანასკნელი თამაში, სადაც ჩოლოს მომზადებულმა ფეხბურთელებმა ქულები დაკარგეს, 27 ოქტომბრით თარიღდება, როდესაც „ბენიტო ვილამარინზე“ „ბეტისთან“ (0:1) დამარცხდნენ.
19 ტურის შემდეგ ესპანეთის ლა ლიგაში „ატლეტიკო“ 44 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „რეალს“ ქულით, ხოლო მესამე ადგილზე მყოფ „ბარსელონას“ 6 ქულით უსწრებს. 15 იანვარს, როხიბლანკო კოპა დელ რეის მერვედფინალში სტუმრად „ელჩეს“ დაუპირისპირდება, ხოლო პრიმერა დივიზიონის მომდევნო ტურში ასევე სტუმრად „ლეგანესთან“ ითამაშებს.