ყველა დროის სარეკორდო შემოსავალი - გილჯეს-ალექსანდერი ისტორიულ კონტრაქტს აფორმებს
უახლოეს მომავალში შეი გილჯეს-ალექსანდერი „ოკლაჰომასთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც ის არამხოლოდ კლუბის, არამედ მთლიანად NBA-ს ისტორიაში ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. 26 წლის მცველი „თანდერის“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს და 6-წლიანი წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ახლა იღებს მაქსიმალურად სარგებლიანი კონტრაქტის გაფორმების უფლებას, რითაც ის ისტორიაში შევა.
ახალი 4-წლიანი ხელშეკრულების მიხედვით, ალექსანდერმა 300 მილიონი დოლარი უნდა გამოიმუშავოს, თავის ბოლო, 2030-2031 წლების სეზონში მისი სეზონური შემოსავალი 80 მილიონი იქნება, ამხელა ანაზღაურება კი არასოდეს არავის ჰქონია. სანამ „ოკლაჰომას“ ლიდერი გუნდთან თანამშრომლობას განაგრძობს, NBA-ს ყველაზე შემოსავლიან მოთამაშედ „გოლდენ სტეიტის“ ლიდერი სტეფ კარი ითვლება, რომელიც 55,8 მილიონ დოლარს იღებს, მეორე-მეოთხე ადგილებზე კი ნიკოლა იოკიჩი (დენვერი, 51,4 მლნ), ჯოელ ემბიდი (51,4 მლნ) და კევინ დიურანტი (51,2 მლნ) არიან.
გილჯეს-ალექსანდერსა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის არსებობს შიდა შეთანხმება, რომელიც ახლა გასაჯაროვდა და რომელიც გულისხმობს იმ ფაქტს, რომ თუ კალათბურთელი სეზონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდება და გარკვეული რაოდენობის ინდივიდუალურ პრიზებსაც მოიგებს, მისი ანაზღაურება ბონუსური სისტემით კიდევ უფრო გაიზრდება.