კანკავა მშობლიურ გუნდში - დინამო მზადებას შეუდგა
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა“ ახალი, 2025 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო. ქვეყნის 19-გზის ჩემპიონში რამდენიმე სიახლეა, რომელთა შორისაც უმთავრესი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ჯაბა კანკავას დაბრუნებაა. 38 წლის ნახევარმცველი იმ 22 ფეხბურთელს შორისაა, რომლებიც დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ვლადიმერ კაკაშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ. საქართველოში „დინამო თბილისი“ 15 იანვრამდე დარჩება, რის შემდეგაც პორტუგალიურ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც 13 თებერვლამდე მოემზადება და რამდენიმე საკონტროლო მატჩს გამართავს.
კანკავას გარდა, დედაქალაქურ კლუბს დაუბრუნდნენ ნოდარ ლომინაძე, ირაკლი იაკობიძე და ოთარ აფციაური, რომლებიც წინა სეზონში იჯარის წესით სხვა გუნდებში თამაშობდნენ. ლომინაძე გორის „დილას“ ღირსებას იცავდა, ხოლო იაკობიძე და აფციაური Crystalbet ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში „გაგრას“ დაეხმარნენ. კიდევ რამდენიმე მოთამაშე თბილისელებს საწვრთნელი პროცესის მიმდინარეობისას შეუერთდება, რომელთა შესახებაც ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდება.
შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისმა“ გასულ სეზონში Crystalbet ეროვნულ ლიგაში 39 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილი დაიკავა. ჩემპიონატში წარუმატებელი გამოსვლის მიუხედავად, გუნდს ევროსაგზურის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა საქართველოს თასის ფინალში ქვედა ლიგის წარმომადგენელ „სპაერთან“ დამარცხდა.