მჯერა, ლუკა ნაკრების პირველი მეკარე გახდება | გუგეშაშვილის მწვრთნელი
საბერძნეთის სუპერ ლიგაში „პანსერაიკოსის’’ ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი წარმატებულ სეზონს ატარებს. მის აქტივში 72 „სეივია’’, რაც ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია. გარდა ამისა, ორ შეხვედრაში გუნდის კაპიტანი იყო.
„პანსერაიკოსის’’ მეკარეების მწვრთნელი არის კარაბეციოსი CrystalSport-ს ლუკა გუგეშაშვილის წარმატებულ სეზონზე ესაუბრა.
- ლუკა „პანსერაიკოსში’’ ეროვნული ნაკრების წევრის სტატუსით გადავიდა, თუმცა „ყარაბაღში’’ რეგულარული სათამაშო დრო არ ჰქონდა და ეს პრობლემა იყო. ზაფხულიდან მოყოლებული რა კომპონენტებში განვითარდა?
- ლუკა ძალიან კარგი მეკარეა ბევრი თვისებით. ბევრს მუშაობს და ადაპტაცია სწრაფად გაიარა. ჩვენ მას ნდობა გამოვუცხადეთ. ლუკამ მისი საფეხბურთო პროფილი დიდად გააუმჯობესა და გუნდის ლიდერად იქცა. ტექნიკასა და პოზიციურ მოქმედებებში პროგრესი აქვს.
- ლუკა ამბიციურია, მისი მიზანი ყოველთვის პირველი მეკარეობაა. ეროვნულ ნაკრებში გიორგი მამარდაშვილის სახით ძლიერი კონკურენტი ჰყავს, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. როცა ასეთი კონკურენტი გყავს, ყოველთვის მზად უნდა იყო და შანსს დაელოდო. შესაძლოა, ამ ეტაპზე ნაკლებად რეალურია, თუმცა ხედავთ მასში პოტენციალს, რომ ერთ დღეს ეს კონკურენცია მან მოიგოს?
- ის ფაქტი, რომ მას კონკურენტად ასეთი კარგი მეკარე ჰყავს, დამატებით მოტივაციას აძლევს, რომ ყოველდღიურად უკეთესი და უკეთესი გახდეს. დარწმუნებული ვარ, ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი მეკარე გახდება და ძალიან, ძალიან დიდ სიმაღლეებს მიაღწევს. სიმართლე გითხრათ, ლუკა დამპირდა, რომ რამდენიმე წელში ყველა მასზე ილაპარაკებს. მე ამის მჯერა.
- გასულ წლებში „ყარაბაღში’’ სათამაშო დროსთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა. საინტერესოა თქვენი მოსაზრება ლუკას პიროვნულ თვისებებთან დაკავშირებით, რაც პროგრესსა და სტაბილურობაში ეხმარება.
- როგორც გითხარით, ლუკა ლიდერული თვისებებით გამოირჩევა, საკუთარი თავის ძლიერი რწმენა აქვს და ჩვენს გეგმებში დიდი ნდობით სარგებლობს. ლუკა ხედავს, რომ მას ვენდობით და წნეხისგან თავისუფალია. თავის თავში დარწმუნებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად, საკუთარი თავისგან ბევრს ითხოვს, ძალიან მომთხოვნია. მასთან მუშაობით სიამოვნებას იღებ. ასევე აღსანიშნავია, რომ თანაგუნდელებთან მიმართებით გუნდურობას ავლენს.
გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ასეთი მეკარე გყავს, ქულების მოპოვებაში გეხმარება და ქულებს არ გაკარგვინებს. ამ სეზონში მატჩის MVP ექვსჯერ გახდა.
- მეკარეებს გიჟური მოქმედებები ახასიათებთ და ლუკა გამონაკლისი არაა. ასევე, მას კარგი იუმორის გრძნობა აქვს. ზოგჯერ ლუკა არაორდინალურად იქცევა?
- სიმართლეა, რომ ლუკას გიჟური ქცევები ახასიათებს. მას საოცარი იუმორის გრძნობა აქვს. თანაგუნდელებს სასაცილო ფრაზებს ეუბნება და ბევრს ეხუმრება. ძალიან სასაცილოა, როცა ყვირილს იწყებს და სხვადასხვა გამომეტყველებას, სხვადასხვა მიმიკებს იღებს.
არის კარაბეციოსი ექვსი წელია „პანსერაიკოსის’’ მეკარეების მწვრთნელია, მას მეკარეების მწვრთნელის UEFA-ს A ლიცენზია აქვს.
25 წლის ლუკა გუგეშაშვილმა სუპერ ლიგის სეზონში 18-ვე მატჩში სასტარტოში ითამაშა, ორ შეხვედრაში გუნდის კაპიტანი იყო, სამ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. 72 „სეივით'' ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეა. მოლოსადნელია, რომ სტაბილურობის შენარჩუნების შემთხვევაში სეზონის შემდეგ მის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდება, „პანსერაიკოსთან'' მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს.
Transfermarkt-ის მონაცემებით, ლუკას სატრანსფერო თანხა 500 000 ევროა.