„თავიდანვე ძალიან უხეში იყო“ | ხაბიბმა თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა
UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, ხაბიბ ნურმაგომედოვი რამდენიმე საათის წინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რომლის შემდეგაც მას თვითმფრინავი დაატოვებინეს. „არწივმა“ X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს აუხსნა, რა მოხდა.
„ქალბატონი, რომელიც ჩემთან შეკითხვებით მოვიდა, თავიდანვე ძალიან უხეში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურად კარგად ვლაპარაკობ, ყველაფერი მესმის და მისთვის დახმარების გაწევას დავთანხმდი, მაინც მოითხოვა, რომ ადგილი დამეტოვებინა. არ ვიცი, ეს რასობრივი კუთვნილების, ეროვნული კუთვნილების თუ სხვა რაღაცის გამო მოხდა. წარმოდგენა არ მაქვს.
თუმცა, ჩვენი დიალოგიდან ორი წუთის შემდეგ, მან დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს დაუძახა და თვითმფრინავი დამატოვებინეს. მომხდარიდან 1.5 საათის შემდეგ, სხვა კომპანიის თვითმფრინავის ბორტზე ავედი და დანიშნულების ადგილას ჩავედი. როგორც ვიდეოში ჩანს, ყველაფერი გავაკეთე, რათა სიმშვიდე შემენარჩუნებინა და პატივისცემა გამომეხატა. ამ ბორტგამცილებლებს შეუძლიათ, შემდეგში უკეთ მოიქცნენ და თავიანთ კლიენტებთან სასიამოვნო დამოკიდებულება ჰქონდეთ“.
ცნობისთვის, ნურმაგომედოვი ლას ვეგასიდან სან ფრანცისკოში აპირებდა გაფრენას, ბორტზე კი ავარიულ გასასვლელთან მდებარე სავარძელზე იჯდა. ამის გამო, ბორტგამცილებლებმა რუს მებრძოლს მოუწოდეს, სხვა ადგილზე გადამჯდარიყო და ალტერნატიული ვარიანტიც შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა.