ტრავმა მიიღო და მეორე ტაიმში არ უთამაშია | გოგას 12 წუთი და ორლანდოს გამარჯვება
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა „ფილადელფია სევენთი სიქსერსი“ დაამარცხა და საკუთარ კედლებში გამართულ შეხვედრაში 104:99 იმარჯვა.
ქართველმა ცენტრმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ მხოლოდ 12 წუთი ითამაშა. ბითაძემ თეძო დაიზიანა და პარკეტის დატოვება მოუწია, რის შემდეგაც, აღარ დაბრუნებულა. ჯერჯერობით უცნობია, მისი ტრავმა რამდენად სერიოზულია.
12 წუთში, გოგამ აქტივში 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა. ბითაძემ 3-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, 1 დაკარგვა ჰქონდა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. „ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო ჯოულ ენტონი იყო - 27 ქულა. პაოლო ბანკერომ და ჯონათან აიზეკმა 20-20 ქულა გაიფორმეს. „ფილადელფიას“ მხრიდან 29 ქულით ტაირიზ მაქსი გამოირჩა. პოლ ჯორჯს 20 ქულა, 10 მოხსნა და 6 ასისტი ჰქონდა.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 23 მოგება და 18 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიციას იკავებს. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 16 იანვარს გამართავს და სტუმრად „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდება.