„არა კვარათი, არამედ საკუთარი თავით ვარ იმედგაცრუებული“ - კონტემ ხვიჩაზე ისაუბრა
სერია A-ს მე-20 ტურში, „ვერონასთან“ 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
რა თქვა კონტემ:
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც რამდენიმე დღის წინ იმედგაცრუებაზე ვისაუბრე, მე არ მიგულისხმია კლუბის, ან ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე იმედგაცრუება. მე ჩემი თავის გამო ვარ იმედგაცრუებული, რადგან ექვსი თვის განმავლობაში სიტუაციის შეცვლა ვერ მოვახერხე. ვფიქრობ, ამ პერიოდის განმავლობაში სხვა ზემოქმედების მოხდენა შემეძლო. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, რომ არ ვარ კვარათი იმედგაცრუებული, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ, რომ უფრო გამჭრიახი არ ვიყავი. ხვიჩა ძალიან კარგი ბიჭია და ზედმეტი ზეწოლის გარეშე თავისი ბედი თავად უნდა გადაწყვიტოს, ისევე როგორც კლუბმა საკუთარი ბედი. ჩვენ საკმაოდ ძლიერ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. ის ამჟამად ნაპოლის ფეხბურთელია და თუ ვინმეს ხვიჩას ყიდვა სურს, მაშინ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას“.
ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იწერება, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-სთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზულ კლუბში ხვიჩას ტრანსფერი მომდევნო კვირაში უნდა განხორციელდეს.