ბარსას მე-15 სუპერთასი - კატალონიელებმა რეალს გადაუარეს
საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში გამართული ესპანეთის სუპერ თასის ფინალი „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის როგორც მოსალოდნელი იყო, სანახაობრივი და უხვგოლიანი აღმოჩნდა, თუმცა ისევე როგორც ესპანეთის ლა ლიგის პირველი წრის შეხვედრაში „ბლაუგრანა“ „სამეფო კლუბზე“ ამჯერადაც ერთი თავით მაღლა იდგა და მეტოქე 3-ბურთიანი სხვაობით, 5:2 დაამარცხა და ყველა ტურნირზე კარლო ანჩელოტის მომზადებული გუნდის 8-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.
დასაწყისი მადრიდელთათვის იდეალური გამოდგა - მე-5 წუთზე ვინისიუს ჟუნიორის პასით კილიან მბაპემ ისარგებლა და „ელ კლასიკოში“ თავისი საგოლე აქტივი გახსნა. თითქოს ასეთ მძიმე სტარტს „ბარსასთვის“ მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა უნდა მიეყენებინა, მაგრამ მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა და კატალონიელებმა ტაიმი 3-ბურთიანი სხვაობით მოიგეს. რობერტ ლევანდოვსკის პასით ჯერ ლამინ იამალმა წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი 36 წლის პოლონელმა ფორვარდმა პაბლო გავის მიერ მოპოვებული პენალტი აქცია გოლად. პირველ ნახევარში ლევანდოვსკის თავდასხმაში მისი ბრაზილიელი პარტნიორი რაფინიაც არ ჩამორჩა და გოლს პლუს პასი მიითვალა - მან ჯერ თავად შეაგდო, შემდეგ კი ალეხანდრო ბალდეს გაატანინა.
მეორე ტაიმის სტარტზე რაფინიამ დუბლი შეასრულა და მართალია ცოტა ხანში ვოიცეხ შჩესნი გააძევეს, რასაც სულ მალე როდრიგოს მიერ სხვაობის სამ ბურთამდე შემცირება მოჰყვა, მაგრამ კასტილიელებმა მეტი ვეღარაფერი გააკეთეს და „კლასიკოში“ კიდევ ერთი სამარცხვინო მარცხი განიცადეს.
ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით კატალონიელებმა „რეალს“ ორ შეხვედრაში 9 ბურთი გაუტანეს და ისტორიაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც „ბარსამ“ „სამეფო კლუბთან“ ზედიზედ ორ მატჩში მინიმუმ ოთხი ბურთი მიითვალა. რაც შეეხება „ბლაუგრანას“ საუკეთესო ბომბარდირს, რობერტ ლევანდოვსკიმ წელს „რეალს“ ორ მატჩში სამჯერ გაუტანა, კარიერაში კი „ბლანკოსის“ წინააღმდეგ მის ანგარიშზე 17 მატჩში 11 გოლია.
მომდევნო მატჩს როგორც „რეალი“, ასევე „ბარსელონა“ ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალში გამართავს. მადრიდელები „სელტას“, ხოლო კატალონიელები „ბეტისს“ უმასპინძლებენ.