„მაქსიმალურად ვეცადეთ ამ ამბებიდან ყურადღება გადაგვეტანა“ - კონტემ კვარაზე ისაუბრა
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელი, ანტონიო კონტე „ვერონასთან“ მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე ტელევიზია DAZN-ს გაესაუბრა. ჟურნალისტმა კონტეს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხა, იტალიელმა სპეციალისტმა კი ასეთი პასუხი გასცა.
რა თქვა კონტემ:
„როგორ უნდა გადავიტანოთ ყურადღება კვარას ამბებიდან? მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ამ ამბებიდან ყურადღება გადაგვეტანა და დღეისთვის მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვყოფილიყავით. კარგად ვიმუშავეთ, დავინახე, რომ გუნდი ფეხზე დგას და მატჩისთვისაც კარგად მოვემზადეთ“.
„წარსულში ბევრჯერ მოგვიწია ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეების გარეშე თამაში, როგორებიც არიან ლობოტკა, რომელიც გილმორმა შეცვალა. იგივე იყო ბუონჯორნოს შემთხვევაშიც, რომელიც ჟუან ჟეზუსმა ჩაანაცვლა, ახლა კი ასე თამაში კვარას გარეშე მოგვიწევს. ყველა ფეხბურთელი მზად უნდა იყოს, როდესაც მათი თამაშის საჭიროება იქნება“.
ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იწერება, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-სთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა, ანტონიო კონტემ კი „ვერონასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა კლუბს გაყიდვა მოსთხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზულ კლუბში ხვიჩას ტრანსფერი მომდევნო კვირაში უნდა განხორციელდეს.