მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მერაბს გამუდმებით უნდა ვურტყათ“ - რას ამბობენ უმარის ბანაკში

უმარ ნურმაგომედოვის გუნდის წევრმა და Bellator-ის მებრძოლმა, კასუმ კასუმოვმა რუსულ Sport-Express-თან ინტერვიუს დროს „მანქანასთან“ ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უმარი მას დიდი უპირატესობით მოუგებს.

რას ამბობს კასუმოვი:

სიმართლე რომ გითხრათ, შესაძლოა, მას შესაბამისად არ ვაფასებ, მაგრამ ნათელია, რომ ტექნიკური თვალსაზრისით მერაბი არც თუ ისე კარგია. ის თავდაჯერებული ბიჭია, რომელიც ბოლომდე იბრძვის და გამუდმებით უტევს, მაგრამ ეს პირველ გაშვებულ დარტყმამდე ხდება. ხომ გახსოვთ, მარლონ მორაესმა როგორ დაარტყა? მერაბი ფეხზე ძლივს იდგა, მაგრამ მორაესი ცნობილია ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ყბით. ბრაზილიელი კარგად იწყებს და შემდეგ ფუჭდება, უმარი კი მარლონ მორაესი არ არის.

ვფიქრობ, მერაბს ჩხუბის შემდეგ ხელის ჩამორთმევა მოუნდება, მაგრამ უმარის ადგილზე ხელსაც არ ჩამოვართმევდი. რატომ? მისი ბინძური ენის გამო, ის პირადზე გადავიდა. შესაძლოა, ჩხუბის შემდეგ ყველაფერი დაწყნარდეს, ემოციები გაცივდეს, მაგრამ მჯერა, რომ ამ ეტაპზე ხელის ჩამორთმევას არ იმსახურებს.

დვალიშვილი ძალიან კარგად იბრძვის, ფიზიკურად ძლიერი ბიჭია. ბევრ თეიქდაუნს აკეთებს, მაგრამ კონტროლი არ შეუძლია, არ იცის, მიწაზე სწორად როგორ უნდა დაიჭიროს მოწინააღმდეგე. არ იცის ზურგის სწორად აღება და ამას ერთ საწვრთნელ ბანაკში ვერ ისწავლის. ამაზე 23-24 წლიდან უნდა ემუშავა, ახლა უკვე გვიანია.

უმარი მასზე ორი-სამი თავით მაღლა დგას, ასევე იმ მებრძოლებზე მაღლაც, რომელთანაც მერაბმა იბრძოლა. ჩვენ ამ ბრძოლაზე არც კი ვნერვიულობთ. დაე გადაიყვანოს მიწაზე. არ გამოვრიცხავ, მერაბმა უმარის წაქცევა შეძლოს, მაგრამ რა მოხდება ამის შემდეგ? უმარი ადგება... დვალიშვილი კიდევ მოინდომებს იგივეს შესრულებას, მაგრამ ყოველ შემდეგ მცდელობაზე უფრო გაუჭირდება.

ჩვენი საქმე დარტყმები, მისი ცემა იქნება. მას მუდმივად უნდა ვურტყათ.

ერთხელ ვცადე, რომ მისი სტილის გადაწერა, მაგრამ არ გამომივიდა, შემდეგ კი ვიფიქრე - „არა, მერაბის სტილში არ ვიმუშავებ, კასუმ კასუმოვის სტილში ვიბრძოლებ, რადგან ეს უფრო მაწყობს“. დარწმუნებული ვარ, ჩემი ტემპი არანაკლებ ინტენსიურია, ვიდრე მერაბის შეტევები, 100%-ით.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა 19 იანვარს, UFC 311-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები