მარცხი რეალთან - შერმადინის 8 ქულა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის XVI ტურში „ლაგუნა ტენერიფე“ სტუმრად მადრიდის „რეალთან“ 10-ქულიანი სხვაობით, 86:96 დამარცხდა. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, კუნძულელები და დედაქალაქელები ამ შეხვედრას სატურნირო ცხრილში მეზობლად შეხვდნენ, ორივე მათგანს 11-11 მოგება ჰქონდათ და მარცხის შემდეგ კანარელები კასტილიელებს ჩამორჩნენ.
გიორგი შერმადინმა პარკეტზე გატარებულ 16 წუთში 8 ქულასთან ერთად, 4 მოხსნა დააგროვა. 35 წლის ქართველმა კალათბურთელმა შვიდიდან ოთხი ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან და პერიმეტრიდან კი არც ერთი სროლა არ განუხორციელებია. ოთხი მოხსნიდან სამი დაცვაში, ერთი თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა და ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
11 მოგებითა და 5 წაგებით „ლაგუნა ტენერიფე“ მეოთხე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას შერმადინი და მისი თანაგუნდელები 18 იანვარს, საკუთარ დარბაზში „ჟირონასთან“ გამართავენ.