FA Cup | 10-კაციანმა მან. იუნაიტედმა არსენალს პენალტებში მოუგო
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის 1/16 ფინალში, ლონდონის „არსენალი“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში, გათამაშებას გამოეთიშა.
საგულისხმოა, რომ „წითელი“ ეშმაკები 61-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდნენ, თუმცა, რუბენ ამორიმის გუნდმა გამარჯვება მაინც შეძლო.
მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 5:3 გაიმარჯვა. გამოსარჩევია გუნდის სათადარიგო მეკარის, ბაინდირის კარგი თამაში, რომელმაც ძირითად დროში ჯერ მარტინ ოდეგორს აუღო თერთმეტმეტრიანი, პენალტების სერიაში კი კაი ჰავერცის დარტყმული მოიგერია.
52-ე წუთზე ანგარიში ბრუნო ფერნანდეშმა გახსნა და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დააწინაურა, 63-ე წუთზე კი გაბრიელმა წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ, 72-ე წუთზე მარტინ ოდეგორს პენალტით შეეძლო „არსენალის“ დაწინაურება, თუმცა, როგორც გითხარით ნორვეგიელს ბაინდირმა არ მისცა გოლის გატანის შესაძლებლობა.
დარჩენილ დროში და დამატებით ტაიმებში არაფერი შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ხუთივე დარტყმა ზუსტად შეასრულა - თავისი შანსები ბრუნო ფერნანდეშმა, დიალომ, იორომ, ლისანდრო მარტინესმა და ზირკზემ გამოიყენეს, „არსენალიდან“ კი ერთი დარტყმა კაი ჰავერცმა გააფუჭა, ზუსტი შესრულება კი ოდეგორს, დეკლან რაისსა და პარტეის ჰქონდათ.